ლანჩხუთში შშმ პირებისთვის პირველი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრი ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივითა და მხარდაჭერით მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მოეწყო.
შშმ პირთა ცენტრის გახსნის ცერემონიაში ნინო წილოსანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს დეპუტატი ნინო წილოსანი რამდენიმე თვის წინ დაპირდა მათთვის საჭირო გარემოს შექმნას. ამის შემდეგ, დეპუტატის ინიციატივით და ძალისხმევით, მალევე გამოიყო შესაბამისი ფართი ცენტრის მოსაწყობად, რომლის სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გახორციელდა.
ცენტრი ლანჩხუთში, მდინარაძის ქუჩაზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინტერიერი მაქსიმალურად არის მორგებული შშმ პირთა საჭიროებებს, აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით, უზრუნველყოფილია ინტერნეტით. ცენტრის შესასვლელი და შიდა აღჭურვილობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე.
ცენტრში განთავსდება ა(ა)იპ „პროგრესის ვექტორი“, რომელსაც მარიამ ნუცუბიძე ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია შშმ პირებთან იმუშავებს მათი შესაძლებლობების გამოვლენისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.
ცენტრის გახსნის ცერემონიაზე ნინო წილოსანმა საზოგადოებას მიულოცა ეს მნიშვნელოვანი სიახლე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს პირობა მისცა, რომ მომავალშიც მათ გვერდით იქნება.
„ეს არ არის მხოლოდ სივრცე, ეს არის საშუალება, შანსი და კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა მომავალში ბევრი საინტერესო რამ შექმნან, აქტიურად ჩაერთონ რეგიონის ცხოვრებაში, ჰქონდეთ ყოველდღიური კომუნიკაცია ერთმანეთთან და გარესამყაროსთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების ერთად ყოფნას მართლაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია სასიკეთოდ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს საქმე დაიწყო და ბოლომდე მიიყვანა“, _ აღნიშნა დეპუტატმა. (R)