„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსად გოგი ინწკირველი ინიშნება.
ინწკირველი შარაშენიძის ფავორიტია და 2012-1014 წლებში, შარაშენიძის გამგებლობის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატს ხელმძღვანელობდა. თუმცა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
პოლიტიკურ სცენაზე იგი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ისევ შარაშენიძის გვერდით გამოჩნდა და თანამდებობაც მიიღო.
„გურია ნიუსმა“ გოგი ინწკირველის ბიოგრაფიაში ბევრი საინტერესო შტრიხი აღმოაჩინა. იგი 80-იან წლებში ოზურგეთის კომკავშირის პირველი მდივანი იყო და როგორც გავარკვიეთ, კომუნისტური პარტიის „ერთგული „ჯარისკაცი“.
დოკუმენტურ ფილმში, რომელიც 1978 წლის ქრონიკას ასახავს, კარგად ჩანს, როგორი აღფრთოვანებით უკრავს ტაშს ინწკირველი საბჭოთა რეჟიმს.
„ლენინ, პარტია, კამსამოლ“ _ გახარებული ინწკირველის ეს კადრები სპორტის სასახლეში, კომკავშირისთვის ლენინის ორდენის გადაცემის დროს არის გადაღებული.
სამსახურის უფროსად დანიშვნის მოლოდინში მყოფ გოგი ინწკირველს დღეს წარსულზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ ჯერ დანიშნული არ არის:
_ მე თქვენი გაზეთიდან გავიგე და ველოდები. ჯერ ბრძანება არ არის, _ აღნიშნა ინწკირველმა ჩვენთან საუბრისას.
_ ბატონო გოგი, თქვენც ხომ იცით, რომ გნიშნავენ… ცნობილია ისიც, რომ შარაშენიძესთან მისი გამგებლობის პერიოდშიც მუშაობდით და ახლა, როგორც ჩანს საარჩევნოდ გაწეულ სამსახურს გიფასებენ. თუმცა, ამჯერად სხვა თემაზე გვსურს საუბარი. ჩვენ მოვიპოვეთ კადრები 1978 წლის მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ფილმიდან. გახსოვთ ისინი?
_ არა.
_ ამ კადრებში, თქვენ საბჭოთა რეჟიმს ტაშს უკრავთ… “ლენინ, პარტია, კამსამოლ“… ძალიან ბედნიერი და გახარებული სახე გაქვთ… ამ კადრებით ირკვევა, რომ აქტიური პარტიული მუშაკი იყავით. ძალიან საინტერესოა, რამდენად ადვილია თქვენთვის საბჭოთა რეჟიმიდან დღევანდელზე “გადმოწყობა“
_ ჯერ ბრძანება დაწერილი არ არის. ორი კვირა მაინც სჭირდება და დაველოდოთ რა მოხდება.
_ ბატონო გოგი, თქვენ ხომ გაქვთ სურვილი სამსახურის უფროსობის და რა მნიშვნელობა აქვს, ბრძანება დაწერილია თუ არა… თქვენს წარსულზე გვსურს საუბარი. ჩვენ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორი აღფრთოვანებით უკრავთ ტაშს კომუნისტურ რეჟიმს.. საინტერესოა ახლა რა შეიცვალა, რას ფიქრობთ იმ წლებზე, თქვენს საქმიანობაზე…
_ არ გვინდა ახლა ამაზე წინასწარ საუბარი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას გოგი ინწკირველმა.