,,ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი. ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად კრიტიკულები იქნებიან და რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ“, – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან უმრავლესობიდან 6 დეპუტატის გასვლას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მათ მიმართ გარკვეული კითხვები არსებობს, ასევე, კითხვები არსებობს გიორგი გახარიასთანაც და მათ მოუწევთ ამ კითხვებს გასცენ დამაჯერებელი პასუხები, რათა თავიანთ გულწრფელობაში საზოგადოება დაარწმუნონ.
„თვითონ პროცესი, რაც დაიწყო, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყო „ქართულ ოცნებას” და აპირებს განსხვავებული დღის წესრიგით, ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ამას მხოლოდ მივესალმებით. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები მათ სამომავლო პოლიტიკურ პარტიასთან და თვითონ გიორგი გახარიას მიმართაც იქნება. ეს არის ლოგიკური, რადგან ეს ადამიანები იყვნენ იმ პროცესების და გადაწყვეტილებების მონაწილეები, რაც აქამდე გახარიას მეთაურობით იქნა მიღებული. ამიტომ, მათ მოუწევთ ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ თავიანთი გადაწყვეტილების გულწრფელობაში”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა მმართველი პარტია დატოვეს. მათი თქმით, ისინი პოლიტიკურ საქმიანობას გიორგი გახარიასთან ერთად გააგრძელებენ.