ლისის ტბის წართმევის საქმეზე, მამუკა ხაზარაძის დაკითხვა, მიუკერძოებელი გამოძიებისა და კანონის თანასწორობის ინტერესებშია, _ ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ორგანიზაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის დათმობის საქმეზე სწრაფი და ეფექტირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის მიმართავს და აღნიშნავს, რომ გამოძიების მიუკერძოებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომჩივანი მხარის მიერ დასახელებული ყველა მოწმის დაკითხვა კანონის სრული დაცვით მოხდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროკურატურის მთავარი ამოცანაა, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.
„საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა–ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა“, _ ამბობს კაიკაციშვილი.
მისივე თქმით, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაჩქარდეს და რამაზ ახვლედიანი დაზარალებულად იქნეს ცნობილი.
„იმავდროულად, დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირთა სამართლოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოახდინეს რამაზ ახვლედიანის იძულება ქონების დათმობის მიზნით. იქედან გამომდინარე, რომ მხარის მაღალი იურიდიული ინტერესია, საქმეზე ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და გამოძიებისთვის საქმეზე ყოველმხრივი მტკიცების მიწოდება, მოცემულ ეტაპზე, საჭიროდ მიგვაჩნია, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხოს იმ პირთა წერე, რომლებსაც უშუალო შემხებლობა ჰქონდათ ქონების დათმობის პროცესთან და დაადასტურებენ რამაზ ახვლედიანის მიმართ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებსა და იძულებას, რაც გამოძიებას საშუალებას მისცემს აღადგინოს მოქალაქის დარღვეული უფლებები და დაიცვას მისი ჭეშმარიტი ინტერესები“, _ აღნიშნა კაიკაციშვილმა.
როგორც პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაკითხოს ბიზნეს-პარტნიორი, დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მან არაერთხელ სთხოვა მამუკა ხაზარაძეს, რომ ჩართულიყო და გარკვეულიყო საკითხში, თუ რამ გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი აგრესიული მოქმედებები და ქონების დათმობის სურვილი, როდესაც განწყობა სახელმწიფოსთან მხარეებს გააჩნდათ სათანამშრომლო.
მისივე ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე მაშინ ირიბ პასუხს სცემდა, რომ პრობლემების შემთხვევაში, რამაზ ახვლედიანს კონსტიტუცია დაიცავდა.
„მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, მისი დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არის არსებითად მნიშვნელოვანი“, _ აცხადებენ ახვლედანის ინტერესების დამცველი „ახალგაზრდა ადვოკატები“.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმეს ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი განიხილავს. მოწმის სახით დაიკითხა რამაზ ახვლედიანიც. რაც შეეხება სასამართლოში მიმდინარე პროცესს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დააკმაყოფილა რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნები პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ქონების ჩამორთმევის ფაქტი გაფორმდა და საქმეს ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლო, თავმჯდომარე მოსამართლე გიორგი ტყავაძის მეშვეობით განიხილავს. დავის მხარეები, „ლისი ლეიქ დეველოპმენტთან“ ერთად, პრეზიდნეტის ადმინისტრაცია და ქალაქ თბილისის მერიაა.
შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსმა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ცოტა ხნის დაიწყო. ჩვენს მიერ მოპოვებული და გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2006 წელს, რამაზახვლედიანს საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია იძულებით, ზეწოლით დაათმობინეს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტში, თუმცა, ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა და მტკიცებულებად არ მიიღო წერილი, რომელიც მას, როგორც თვითონ ამბობს, იძულებით დააწერინეს პრეზიდენტის სახელზე. წერილის მიხედვით, ახვლედიანი თმობდა საკუთრებაში არსებულ, უკვე გამოსყიდულ ქონებას, სანაცვლოდ კი, მას კომპენსაცია უნდა მიეღო. თუმცა, დღემდე არც კომპენსაცია მიუღია და ქონებაც ვერ დაიბრუნა.
თუ როგორ და რა პირობებით აღმოჩნდა შემდგომში ლისის ტბის მიმდებარე 355 ჰა ტერიტორია რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორის მამუკა ხაზარაძის კომპანიის ხელში, „გურია ნიუსი“ უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.
ამავე თემაზე:
შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I
უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში
მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება