თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი კანონიერ და იურიდიულ ინტერესებში აღდგა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი – ლისის ტბის“ სააპელაციო საჩივარი, რომლის თანახმადაც, სამართლებრივი ძალისმქონედ იქნა აღიარებული ლისის ტბაზე „საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის“ ლიცენზიიდან წარმოშობილი ვალდებულებები და სამართლებრივი ურთიერთობები. შესაბამისად, სასამართლომ გააუქმა საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და არ გაიზიარა საქმეში მოპასუხე: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მესამე პირების: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამართლებრივი პოზიციები, რომელიც ეხებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კომპანიის მიმართ გაცემული ლიცენზიის სახეობის გაუქმების გამო, გაცემული ლიცენზიის სამართალ-ურთიერთობის არარსებობის მტკიცებას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული ხასიათისაა, ვინაიდან საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. დადგენილია, რომ „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბამ“ 2000 წლის 27 სექტემბერს, 25 წლის ვადით, 2024 წლამდე, მიიღო საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია. 2014 წლიდან, სახელმწიფომ შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის პირობებში და მიუხედავად, საკამათო გახადა საკითხი, კანონმდებლობის თანახმად, იყო თუ არა მოქმედი აღნიშნული ლიცენზია და ინარჩუნებდა თუ არა იურიდიულ ძალას. სამინისტროსა და კომპანიას შორის საკითხის გარკვევის მიზნით წერილობითმა გამოხმაურებამ ლიცენზიანტი კომპანიის მიმართ ორი ფორმალური პასუხი გახადა ცნობილი. პირველი – აღნიშნული საკითხის შესახებ სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებს ინფორმაცია არ გააჩნიათ, მეორე – იმ შემთხვევაში, თუ საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იქნებოდა, მაშინ იგი შეინარჩუნებდა იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების სამართლებრივი სტატუსზე ადგენს, რომ „თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა“. ამავე კანონის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედებამდე კონკრეტულ საქმიანობაზე გაცემული ლიცენზია, რომელზედაც ამ კანონის თანახმად გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში“.
მოცემულ შემთხვევაში, მხარემ სასამართლო გზით დაამტკიცა, რომ კომპანიის მიმართ 2024 წლამდე სახელმწიფოსთან გაცემული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, სამართალ-ურთიერთობა მოქმედია და არც ერთ კანონს, არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, იგი არ გაუუქმებია. ლიცენზია თავისი არსით წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც კომპანიას ანიჭებს უფლებას და სარგებელს. მისი გაუქმება უნდა მოხდეს ან ადმინისტარციული აქტით ან მის გაუქმებაზე პირდაპირ უნდა არსებობდეს მითითება კანონში. ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული დასაბუთება და მიდგომები გაიზიარა. ამასთან, გაიზიარა სადავო საკითხის გადაჭრისთვის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები, რომელიც განმარტავს წყალმოსარგებლის სტატუსს და ვალდებულებებს, რასაც რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული ლიცენზიის შინაარსი იმეორებს და მოქმედია.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილეს მოსამართლეებმა: გიორგი გოგიაშვილმა (თავმჯდომარე), შოთა გეწაძემ და ოლონა თოდუამ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ. საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა. მოპასუხე მხარეებს მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მისი საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის, 21 დღე აქვთ.