1921 წელი.
სოფელ #-დან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მთის კალთაზე შეფენილი, ნისლში ჩაფლული სოფელი იღვიძებდა.
ტალახიანი გზის პირას მდგარი ოდის მორღვეულ ღობესთან სამი ცხენოსანი გაჩერდა. ცხენებიდან ჩამოხდნენ და ეზოში შევიდნენ. ეზოში ათიოდე წლის გოგონა შავი ფერის კნუტს ეთამაშებოდა.
შალვა, ვასილა და კიკია მას მიუახლოვდნენ. შალვამ ბავშვთან ჩაიცუცქა.
-რა გქვია შენ?-ღიმილით შეეკითხა.
-ნინუცა.
-აუჰ, რა კაი სახელი ქონებია კაი ბაღანას.
-ბაბაი სახშია?
ბავშვმა თავი დაუქნია.
-დუუძახე ერთი, გარეთ გამევიდეს.
-ნენა, ნენა!-დაიძახა ნინუცამ.
ხმაურზე სახლიდან ახალგაზრდა შავებში ჩაცმული ქალი გამოვიდა. ეზოში შემოსული კაცები რომ დაინახა, გულმა რეჩხი უყო და წამოიკვნესა:ნენა, ჩემი სიკვტილი… ის მთელი ტანით აცახცახდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა, გაიღიმა და ახლოს მივიდა მოსულებთან, ხელი მოხვია ნინუცას და თავისთან მიიზიდა.
-გამარჯობა თქვენი,-მიესალმნენ.
-ღმერთმა გამარჯვება არ მოგიშალოთ.
-ნიკოიას ნახვა გვინდებიან. სახში ხომაა?
-კი, სახშია.
-სთხოვე გამევიდეს.
-ვერ იზამს მაგას.
-რეიზა?
-ავათ შეიქნა, ნამეტანი გლახათაა.
-ნახვა გვინდებიან.
ქალს თვალები ცრემლით აევსო.
-ვიცი რეიზა ხართ აქანე მოსულები… იმ მინუჩი მივხთი, ყოლიფერი ვიცი…
ის აქვითინდა, ბავშვმა გაკვირვებულმა შეხედა დედას.
-წაი, ნენა, ბაბაისთან, სახში.
ნინუცამ ჯერ დედას შეხედა, მერე უცნობებს, შალვამ გაუღიმა. ბავშვი შეტრიალდა და ოდაში შევიდა.
-ნიკოია სულ თქვენ მოლოდინში იყო, დღეს მოვლიან, ხვალ მოვლიან, მეც გადამრია და მთელი ოჯახი. სა არ ვცხოვრობდით, მარა დაცულათ თავს არსათ გძნობდა. მთელი ეს დროი სახში რავარც მხეცები ისთე ვიყავით დანწყტოული. ქე დაავადმყოფთა კიდეც. ვიცი გლახათ მეიქცა და ქე დასაჯა მაღალმა ღმერთმა. გემუდარებით, არ დამღუპოთ, მთლა ნუ ამომიგდებთ ოჯახს, დამიტიეთ აი ცოცხალ-მკტარი კაძახი, მე უბედურს მაგის და ამ ბაღანაის მეტი არავინ დამჩა!
ნიკოიას მეუღლეს ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა.
-არაკაცი ხელს არ დაადოფს შენ ქმარს, მარტუაი ნახვა გვინდებიან.
შალვამ ქალს პირდაპირ თვალებში შეხედა.
-სიტყვას გაძლევ.
ბუხარში დანთებული ცეცხლი ჩაბნელებულ ოთახს ოდნავ ანათებდა. კედელთან მიმდგარ საწოლზე გამხდარი, სახედგაცრეცილი ნიკოია იწვა და მძიმედ სუნთავდა. ავადმყოფს თვალები დახუჭული ჰქონდა. იქვე სამფეხა სკამებზე შალვა, ვასილა და კიკია ისხდნენ. ქალმა დაბალი მაგიდა დაუდგა წინ და ზედ თხილით სავსე თეფში დადო.
გოგონა სასთუმალთან იდგა და დიდრონი ყავისფერი თვალებით უცქერდა მამაკაცებს. ქალმა უთხრა: წაი, შვილო, გურამისას, ერთი დოქი ღვინო მათხუე თქვა.
გოგონა გავარდა ოთახიდან.
-არაა საჭირო, ნუ წუხთები, ჩვენ მივალთ მალე.
-რას ჰქვია შეწუხება. ამინუჩი მუალ, ჭადი გამოწიწინდა უკვე.
ქალი გარეთ გავიდა.
-რას უპიროფ ახლა ამას?-იკითხა ჩურჩულით ვასილამ.
-რა ვიცი მე, ვერ ხედავ მისით კტება,-თქვა შალვამ.
-რაისიც ღირსია იგი დიემართა,-ჩაილაპარაკა უმცროსმა ძმამ.
-ცოტა ხნის წინ ბაღანა მოუკტათ,-თქვა კიკიამ-ახლა, ა, თითონ ხველიანი წევს და ხვალ-ზეგ მიქელ-გაბრიელი ქე წეიყვანს თან…
შალვამ და ვასილამ ნიკოიას გადახედეს.
ამასობაში ქალმა კეციდან მჭადი თეფშზე გადმოიღო, გარეთ გამოიტანა და მოულოდნელად შედგა, სახეზე გაკვირვება გამოესახა – ჭიშკართან ცხენები აღარ იდგნენ. შეშფოთებული, მჭადით ხელში, ის ოდაში შევარდა, ნიკოია კვლავინდებურად მძიმედ სუნთქავდა. ამჯერად თვალები გაეხილა და ჭერში ერთ წერტილს მიშტერებოდა. კარი გაიღო და ნინუცა დოქით ხელში შემოვიდა, ქალმა ეზოში ჩაირბინა, ჭიშკართან მიირბინა და გზას გახედა – შორს სამი ცხენოსანი დალანდა, რომლებიც მალე ნისლმა შთანთქა.
ასე იდგა ცოტა ხანს. შემდეგ შეტრიალდა, შევიდა სახლში, შეხედა ავადმყოფს, ფეხებმა უმტყუნა და მჭადით ხელში მძიმედ დაეშვა სამფეხაზე.
-ნენა, რაია აგი?-ბავშვის შეკითხვამ ის გონს მოიყვანა.
-რაი, ნენა?
ბავშვმა საჩვენებელი თითით მაგიდაზე მიუთითა. ქალმა თვალი გააყოლა და მაგიდას შეხედა. თხილიანი თეფშის გვერდით ორი ვაზნა იდო.
***
რამდენიმე თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა გურიაში. თავდაპირველად ახალი მთავრობა შედარებით `ლმობიერ~ რეპრესიებს ატარებდა, რათა გურულები არ აებუნტებინა. ციხეებში შერბილებული რეჟიმი არსებობდა და ნამდვილ ანტისაბჭოთა ბუდეს წარმოადგენდა. „ვინც დოუჭერელი დარჩა, ცოტა შერცხვენილად სთვლიდა თავს ამხანაგების წინაშეო“, _ ამბობდნენ გურულები. ხალხს კიდევ სჯეროდა, რომ ძველი მთავრობა უკან მალე მობრუნდებოდა. სიმღერასაც კი ღიღინებდნენ: ,,გაზაფხულდა, მოვა ია, მას მოჰყვება ჟორდანიაო”. მაგრამ ჟორდანია არ ჩანდა, ეს ,,ლმობიერი” რეპრესიები კი ხანმოკლე და მოჩვენებითი აღმოჩნდა. სულ მალე სხვების დასაშინებლად იწყეს უდანაშაულო ხალხის მასობრივი დახვრეტა და რეპრესიების ტალღა მოედო მთელ გურიას.
კირილეს და პოლინას საფლავი სარეველა ბალახს დაეფარა. შალვა საფლავს ბალახისგან წმენდა, წესრიგში მოჰყავდა. კიკია ხის კუნძზე იჯდა. მიწაზე გაფენილ გაზეთზე ნახევრად დაცლილი ღვინის ბოთლი, ორი ჭიქა და დატეხილი მჭადი იდო.
-იმფერი მადლობელი ვარ შენი, ჩემო კიკია, ამდენ ხანს რომ შეგვიფარე.
-არ გრცხვენია, ბიჭო, ძმები არ ვართ?
-რავა არ ვართ!
-რაც მამაშენს სიკეთე გოუკეთებია ჩემდა, აცხონოს ღმერთმა, მისდღემჩი არ დამავიწყდება.
-იცოცხლე, შენი ჭირიმე.
შალვამ ხელისგულები გაისუფთავა, გულის ჯიბიდან თავისი ოჯახის ფოტოსურათი ამოიღო და კიკიას გაუწოდა.
-ბაბაი და ნენა ვერ მიესწრენ ჩემ ბედნიერებას, ვერ მიესწრენ ბადიშებს.
კიკიამ გამოართვა ფოტო, დახედა, გაიღიმა და უკან მიაწოდა. მერე ერთხანს ყურაღებით უყურებდა შალვას.
-ერთი ქე უნდა გითხრა. არ მეგონა იმ წუნკალს ცოცხალს თუ გუუშვებდი.
-მისი ბაღანაი რომ დევინახე, მთლა ამბურძგა ტანში… რაცხა გადმიტრიალდა გულში. ჩემი ბაღნები დამიდგა თვალწინ… ხელს ვერ ავწევდი. კიდო… სიმართლე რომ გითხრა, ბაბაი რომ მოკლენ, მერე ბესია, აგი ჩემი ბრალიცაა, ის სიაბდლე რომ არ ჩამედინა, იქნება კიდო ცოცხალი ყოფილიყვენ…
-მაი მარტუაი შენი ბრალი არაა, ბიჭეფს თავი ორთავემ მუუყარეთ.
-წერილში ქე გწერდი, მარა უკვე ამერიკაში ვიცოდი, რომ ნიკოიას არ მოვკლავდი.
კიკიამ ჭიქებში ღვინო ჩამოასხა.
-ჩემო შავლა, სადღინძელო მინდა ვთქვა, ჩვენ ოჯახებს გაუუმარჯოს შენს იქინე შორს და ჩემსას კი აქანე გურიაში, ღმერთმა ყოლიფერი კარქი მოასწროს.
-გაუმარჯოს,-შალვამ ჭიქა გამოსცალა
-ნამეტანი მაწუხებს აქოური ამბები, სტორეთ გლახა დროი მოგვესტრო.
-რას გეტყვი თუ იცი,-კიკიამ ხმას დაუწია,-ნოვე აპირებს უკან ჩამოსლასო, მთავრობასთან ერთადო, ჩივიან, მენშევიკები დიდი ჩხუბისთვის ემზადებიენო. აგროვებენ ხალხს, იარაღს. გუშხამ იყვენ ჩემთან მოსული კაცები, დევილაპარაკეთ. იცი შენ, გადანახული მაქვენ რამდენიმე რეველვერი, ბომბები, სამალავში, ყოველი შემთხვევისთვინ… თუ გადაწყვეტ დარჩენას ერთად ვიქნებით ისთევლე, რავარც ძველ დროს.
შალვამ თავი რამდენჯერმე გააქნია.
-ვერ დავრჩები, სახში უნდა დავბრუნდე, ოჯახთან… ბაღნები მყავს გასაზდელი… ვერც ვასილას გოუშვებ რომ დარჩეს აქანე.
-რავარც შენ იტყვი.
პატარა პაუზა ჩამოვარდა.
-კი მარა, ვასილა სა იარება, ნეტაი ვიცოდე?
-დღეს ვოზურგეჩი, ტაბახმელასთან მოკლული აფიცერი უნდა დაასაფლაონ. იქინეა წასული.
-როის წევიდა?-შალვას სახე შეეცვალა.
-დილიდან. მეგონა იცოდი.
-მითხრა, მეზობლისას გადვიარო. ვუჩივი, არ ჩაერიო მეთქინ აქოურ საქმეებში, არ მიჯერებს მაი მამაძაღლი.
შალვამ მიატოვა ყველაფერი და კიკიასთან ერთად სასწრაფოდ გაემართა ოზურგეთისკენ.
ოზურგეთის მაზრის მთელი მოსახლეობა ემზადებოდა ამ დღისთვის. ქალაქის მოედანზე შეიკრიბა ათასობით შავებში ჩაცმული ადამიანი. მოედანზე ტევა არ იყო. შავლენტიანი სამფეროვანი და შავი დროშები ფრიალებდა მათ თავზე. არსად ჩანდა მილიცია და არც რუსის ჯარი.
ადამიანთა მორევში შალვამ ძმის ძებნა დაიწყო.
ამასობაში სამარისებურ სიჩუმეში წითელარმიელთა მიერ მოკლული გვარდიელი მიასვენეს ოზურგეთის ეკლესიასთან და იქვე ეზოში მიაბარეს მიწას. ცერემონიალი დამთავრდა, მაგრამ ხალხი დაშლას არ აპირებდა. ვიღაცამ ჰიმნი ,,დიდება” წამოიწყო, მას ხალხი აჰყვა.
გაისმა ფლოქვებისა და ჭიხვინის ხმა, მოედნის სხვადასხვა მხრიდან გამოჩნდნენ შეიარაღებული ცხენოსნები. ისინი შეკრებილი ხალხის წინ ერთ რიგში გაჩერდნენ. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხი სულგანაბული უყურებდა მათ. ცხენოსანებს უფროსი ერთ მხედართან ერთად გამოეყო, მიუახლოვდა ხალხს და ხმამაღლა დაიძახა:
-Все закончилось! Рассходитесь!
-ყველაფერი დასრულდა! დაიშალეთ!-გადაუთარგმნა რუსის გვერდით მდგომმა ცხენოსანმა.
სიჩუმე ქალის ხმამ დაარღვია.
-შენი თარგმნა არ გვჭირია, აქანა განათლებული ხალხი დგანა!
-არ დევიშლებით!
ხალხი ახმაურდა.
-არა, არა!
-არ დევიშლებით!
საფლავთან შემაღლებულ ადგილას დადგა შუახნის კაცი. მან შეკრებილები მოათვალიერა და დაიწყო სიტყვა:
-მეგობრებო! ძმებო და დებო! ხომ ხედავთ რა დღეჩი ჩაგვაგდო რუსებმა და მოღალატე ქართველებმა. ჩვენ ქვეყანას იპყრობენ და ათახსირებენ. ადამიანებს უმიზეზოდ კლავენ. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა ამგენის დუხი არ იყოს აქანე საუკუნოდ!
ატყდა ტაშის გრიალი და ვაშას ძახილი.
-ვიბძოლებთ!
-ვიბძოლებთ!
მეთაურმა ისევ გაიმეორა, Рассходитесь! დაიშალეთ! მაგრამ მისი ხმა ხმაურში ჩაიკარგა.
შალვამ თვალი მოჰკრა ძმას, ის სხვა თანასოფლელებთან ერთად სადღაც ხალხის შუაგულში იდგა. შალვა მძიმედ, გაჭირვებით მიიწევდა ვასილას მიმართულებით.
მეთაური უკან გაბრუნდა და გვერდით მდგომ მხედარს რაღაც ჩაულაპარაკა. ცხენოსნებმა თოფები მოიმარჯევს.
შალვამ ცხენოსნებს ხელში თოფები რომ დაუნახა, გაფითრდა და სცადა უფრო სწრაფად წაწეულიყო წინ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
წითელარმიელებმა ჰაერში გაისროლეს, გაისმა ქალების კივილის ხმა, მაგრამ ადგილიდან არავინ დაძრულა.
-ვასილა!
წითელარმიელებმა ისევ გაისროლეს. არავითარი ეფექტი.
შალვა უკვე ახლოს იყო ძმასთან.
-ვასილა!
ძახილზე ვასილამ მოიხედა და მისალმების ნიშნად მარჯვენა ხელი მაღლა აწია. იმავე წამს შუაგულ ხალხში გრუხუნით გასკდა ბომბი.
-ვასილა!!!
კვამლმა დაფარა ყველაფერი, ხალხი აირია, აიშალა. შალვა წინ გაიჭრა, პანიკით მოცულმა ადამიანებმა ის წააქციეს, შალვა წამოდგა. ამასობაში ცხენოსნებმა მათრახები აამუშავეს. მათრახმა გაიშხუილა და შალვას ბეჭებზე დაეშვა, მაგრამ მან ეს დარტყმა ვერც კი იგრძნო. მისი მზერა მიწაზე დაგდებულ მოკლულებსა და დაჭრილებზე იყო ფოკუსირებული. ახლოს რომ მიირბინა და უძრავად მყოფი, გასისხლიანებული ვასილა დაინახა, წამოიძახა:
-ვასილა! ბიჭო!
დაიჩოქა, გულზე ყური მიადო. ძმა არ სუნთქავდა.
-ვაიმე, ჩემ თავს!-ამოიგმინა შალვამ.
ამასობაში გავარდა თოფი, შემდეგ მეორე და ატყდა გამაყრუებელი სროლა. შალვას გვერდით მდგომი კაცი მოცელილივით დაეცა, ის კი ისევ ძმას დასცქეროდა.
-შავლა! წამოი!
შალვა არ განძრეულა.
-ვასილას ვერ უშველი და შენც დეიღუპები!-ჩაესმა შალვას ყურში კიკიას ხმა.
შალვა გაქვავებული დაჰყურებდა ვასილას გასისხლიანებულ სახეს.
-არ გეყურება?! წამოი!!
კიკიამ მოკლულს ჯიბეები მოუქექა, პასპორტი ამოიღო და ისევ შალვას მიუბრუნდა.
-ჩქარა!!!
კიკიამ მკლავში ორივე ხელი ჩაავლო და ძალით გაათრია სამშვიდობოს.
ხალხი გაიფანტა. მოედანზე მოკლულები, დაჭრილები და მათი ჭირისუფლები დარჩნენ.