მაღალი დონის კორუფცია ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში. ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე მოქმედი ხელისუფლების მიერ კომპლექსური (მაგალითად მაღალი დონის) კორუფციული დანაშაულების გამოვლენის შემთხვევები ფაქტობრივად არ არსებობს“, _ აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო ორგანოები ვერც სხვა სუბიექტების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების) მიერ გამოვლენილ შესაძლო შემთხვევებზე ახდენენ სათანადო რეაგირებას.
ორგანიზაციის ცნობით, მაღალი დონის კორუფციული დანაშაულები მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოვლინდება ხოლმე, თუმცა ასეთი შემთხვევების გამოძიებასაც კი ხშირად თან ახლავს პროცედურული დარღვევები, რაც პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს. ასეთი მიდგომა კი, უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზეც.
„დღეს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უწყებებთან დაკავშირებული შემდეგი ხარვეზები არსებობს:
– დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლების ნაკლებობა;
– დაბალი საზოგადოებრივი ნდობა (ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ღიაობა);
– ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი;
– არასაკმარისი მატერიალური რესურსები და სპეციალიზებული პერსონალი.
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და შესაბამისად მაღალ საზოგადოებრივ ნდობას. ამის ნათელი მაგალითია ლიტვა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის სახითაა დოკუმენტში განხილული. საქართველოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებულ კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. ხოლო, ბოლო ცვლილება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა 2015 წელს, ანტიკორუფციული ფუნქციების სუსი-სთვის მინიჭებით, შეფასებულია, როგორც საფრთხის შემცველი რეფორმა. შესაბამისად, საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ხარვეზების აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა.
IDFI-ის რეკომენდაციაა:
I. შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური;
II. დაიწყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის შესახებ მსჯელობა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში;
III. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის ფუნქციებად განისაზღვროს:
– კორუფციის პრევენცია;
– კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
– ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება;
– თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი;
– მამხილებელთა დაცვა;
_პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი;
– კორუფციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვა;
IV. განისაზღვროს სამსახურის დამოუკიდებლობისთვის საჭირო გარანტიები.
IDFI – ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი განიხილავს საქართველოში არსებული კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების საქმიანობას და აანალიზებს ამ ინსტიტუტების საქმიანობის, როგორც ზოგადი, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის ხარვეზებს. დოკუმენტი ასვე მიმოიხილავს საკვანძო საერთაშორისო კონვენციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებს. დოკუმენტის ბოლო ნაწილი ეთმობა ლიტვის, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის განხილვას. რასაც მოსდევს რეკომენდაციები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის, სტანდარტებისა და წინადადებების ანალიზს ეყრდნობა“, _ ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.