ლანჩხუთში, ძველი სასტუმროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმდენად გადატვირთულია მოძრაობა, რომ გავლა არათუ მანქანით, ფეხითაც კი ჭირს. აქ არის ტაქსების გაჩერება, ავტოსადგური, რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტი, ყიდიან ბოსტნეულს და ასე შემდეგ. როგორც ლანჩხუთელები ამბობენ, “აქ სრული ქაოსია”.
“რამდენიმე წელია, აუტანელი მდგომარეობაა ყოფილი სასტუმროსა და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე. გარე მოვაჭრეებით, ტაქსებით, კერძო მფლობელობაში მყოფი ავტომობილებით ისეა გადატვირთული ეს ტერიტორია, რომ ავტომობილები, ლამის, კიბეებზე ადიან და მოსახლეობას საშუალება არ აქვს, თავისუფლად მიაღწიოს მისთვის საჭირო მაღაზიამდე ან დაწესებულებამდე.
ეს პრობლემა მრავალი წელია არსებობს და არავინ ფიქრობს, გონივრულად გადაწყვიტოს იგი, გარდა ერთეული შემთხვევებისა, როცა მოვალეობის მოხდის მიზნით, დილეტანტი ხელისუფლების დილეტანტი წარმომადგენლები სხვათა შორის გაივლიან ამ ტერიტორიაზე და გასცემენ აბსურდულ განკარგულებას, რომელიც მეორე დღესვე არავის ახსოვს.
იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ გამოიყოს კომისია, რომ გადაწყდეს ეს პრობლემა. თუ ველოდებით, როდის მოხდება უბედური შემთხვევა? გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ უზომოდ გადატვირთულ ტერიტორიაზე ზოგი ვაიმძღოლი მაინც ახერხებს მაღალი სიჩქარით მოძრაობას”, _ აქ არსებული მდგომარეობის მიმართ საკუთარ უკმაყოფილებას ხმამაღლა აფიქსირებს ლანჩხუთელი ჯეირან ნაკაშიძე, რომლის თქმითაც, ყოფილი სასტუმროს შენობაზე აივნის მიშენებამ ისედაც ვიწრო გასასვლელი საცურაო აუზთან სახიფათო გახადა.
“ამას ემატება ისიც, რომ საცურაო აუზთან არის შშმ პირებისთვის და მოზარდებისთვის განკუთვნილი ტრენაჟორებით მოწყობილი პატარა მოედანი, რომელიც სახიფათო კი არა, მაღალი რისკის ზონაში იმყოფება და უნდა ვილოცოთ, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, რადგან ბავშვებთან გვაქვს საქმე, რომლებიც არაპროგნოზირებადი ხასიათით გამოირჩევიან. ამ შენობაში მცხოვრებნი ბავშვებს ეზოში სათამაშოდ ვეღარ უშვებენ. კიდევ ერთი _ ხომ შეიძლება გარე მოვაჭრეები თანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებული და რაღაც მეთოდებით არ ხდებოდეს მათი დაყოფა “კატეგორიებად”? ღმერთისა და კანონის წინაშე ხომ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ?” _ დასძენს ნაკაშიძე.
არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო არიან სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები და მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლები. ისინი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან არსებული მდგომარეობის მოწესრიგებას ითხოვენ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, თენგიზ ხელაძის თქმით, მერია ალტერნატიული ფართის ძიებაშია, რომ მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის განტვირთვა.
“ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არ ვფიქრობდეთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. ჩვენი თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიურად გადიან ამ ტერიტორიაზე და ცდილობენ წესრიგი დაამყარონ. მერია ყველანაირად ცდილობს, რომ ალტერნატიული ფართი გამოინახოს და მოხდეს აქ მყოფი გარე მოვაჭრეების გაყვანა”, _ ამბობს ხელაძე.
აღნიშნული ტერიტორიის განტვირთვის იდეა 2015 წელსაც გააჟღერა მაშინდელმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ. როგორც მაშინ ითქვა, მას შემდეგ, რაც ქალაქის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა, ავტოსადგური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდოდა. თუმცა, გამგეობიდან წამოსული ეს ინიციატივა, რაც ბევრისთვის თავშივე მიუღებელი და გაუმართლებელი იყო, ვერ გახორციელდა და ლანჩხუთელების ნაწილი ძველი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოსური მდგომარეობის მოწესრიგებას ითხოვს.