ლანჩხუთში, სოფელ მამათში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნას ბათუმში მცხოვრები, საქველმოქმედო ფონდი “ღვთისშვილების“ თავმჯდომარე გოგიტა მურცხვალაძე საძრახის საქმედ მიიჩნევს. მურცხვალაძე „გურია ნიუსს“ დაუკავშირდა და იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც დაუშვებლად მიაჩნია ექს-პრეზიდენტის მუზეუმის არსებობა.
„ჩემი შვილი 1992 წელს დაიბადა, მშობიარობის შემდეგ ტრამვა მიიღო და ჰიდროცეფალიით დაავადდა. ეს ის ბავშვია, 2000 წელს მამა გაბრიელის საფლავზე რომ აიდგა ფეხი.
1995 წელს, როცა ბავშვის მესამე ოპერაციისთვის თანხას ვაგროვებდი, მეგობრის რჩევით, გაზეთის საშუალებით მივმართე ნანული შევარდნაძეს. ძალიან მალე გამოგვეხმაურნენ. სასწრაფოდ, საგანგებო რეისით, ბათუმიდან თბილისში გადაგვაფრინეს. შეგვპირდნენ, რომ გერმანიიდან ჩამოჰყავდათ ნეიროქირურგი და ნევროპათოლოგი.
ათი დღის განმავლობაში ნანული შევარდნაძის გარემოცვა ყურადღების გარეშე არ გვტოვებდა, ყოველდღე მოდიოდნენ და „ნამუსზე მაგდებდნენ“ _ უხერხულია, ქალბატონი ნანული ასე შეწუხდა თქვენთვის და სამადლობელი წერილი გამოაქვეყნეთო. იმავე გაზეთში დამაწერინეს სამადლობელი წერილი. როგორც კი ეს წერილი დაიბეჭდა, უარით გამოგვისტუმრეს, ერთი პროცენტიც არ შეუსრულებიათ იმის, რასაც გვპირდებოდნენ.
ამის შემდეგ სულ ვცდილობდი, შევხვედროდი ნანული შევარდნაძეს, თუმცა, ვერ მოვახერხე. ერთხელაც მის ქალიშვილს მანანა შევარდნაძეს დავუკავშირდი, რომელიც იმ დროს ტელევიზიაში მუშაობდა. კარგად მახსოვს, პარასკევი იყო და პასუხისთვის ორშაბათს დამიბარა. ორშაბათს კი მეუბნება _ იცით, დედას ფული არ აქვს და ბავშვი უკან წაიყვანეთო.
ამ ამბიდან 12 წლის შემდეგ, როცა ბავშვს მეხუთე ოპერაცია ჩაუტარდა, ჩემი მეგობარი ჟურნალისტის რჩევით, თავად ედუარდ შევარდნაძეს მივწერე წერილი, ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და დახმარება ვთხოვე. იმავე ჟურნალისტმა შემატყობინა, რომ შევარდნაძე გერმანიაში აპირებდა გამგზავრებას, მას წაუკითხავს ჩემი წერილი და უთქვამს, როცა გერმანიიდან დავბრუნდები, აუცილებლად დავეხმარებიო. სამი თვე ველოდი მის სატელეფონო ზარს, ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ აუცილებლად დამეხმარებოდა. მერე თავად დავურეკე და ავუხსენი, ვინც ვიყავი, მან კი მიპასუხა, რომ საშუალება არ ჰქონდა და ვერ დამეხმარებოდა.
აი, ასე მოგვექცა შევარდნაძეების ოჯახი და მე და ჩემს შვილს. არავის ვაძალებდი, გინდა თუ არა დამეხმარე–მეთქი, მაგრამ რახან დამპირდნენ, უნდა შეესრულებინათ კიდეც. იმის მწარე შედეგს, რაც შევარდნაძეებმა ჩემს შშმ შვილს დამართეს, დღემდე ვიმკი.
გოგიტა მურცხალაძე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ლანჩხუთშიც იმყოფებოდა და პირადად შეხვდა მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს, გელა პატეიშვილს. მისი მოსაზრებით, ამ ცუდსა და საძრახის საქმეს სოფელმა თავი უნდა აარიდოს და შევარდნაძის სახლმუზეუმის გახსნაზე უარი თქვას.
_ ამ საკითხზე საუბარი ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარესთანაც მქონდა. მან მითხრა, რომ ამ სახლ–მუზეუმის შექმნის ინიციატივა სოფლის მკვიდრებს ეკუთვნით. ჩემი თხოვნა კი იქნება, რომ ამ ცუდსა და საძრახის საქმეს სოფელმა გვერდი აუაროს. ჩემი ბავშვის მდგომარეობაზე ცუდი როლი იქონია შევარდნაძეების ოჯახმა. თუკი სოფლისგან იქნება, მუზეუმის გახსნის გარდაუვალობაზე მოთხოვნა, მაშინ მე სოციალური ქსელის საშუალებით შევეხმიანები ყველა იმ ადამიანს, თვითმფრინავის ბიჭების ოჯახიდან დაწყებული ყველას, ვისაც შევარდნაძეების ოჯახიდან მწარე რამ გადახდენია და ყველა ერთ დღეს შევიკრიბებით და ხმამაღლა ვიტყვით ჩვენს სათქმელს. არ ვიცი, ვისთვის დედა იყო და ვისთვის დედინაცვალი ეს ოჯახი, მაგრამ ასეულობით ადამიანები ჰყავთ გაუბედურებული.
იმის გამო, რომ ამ მუზეუმის გახსნით ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც კარგი გაკეთდეს, ჩემს გულისტკივილს გვერდზე ვერ გადავდებ, გამორიცხულია! ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მამათში ამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი, ეს ერთგვარი საფეხურია იმისა, რაც შემდგომ თბილისში გვაქვს დაგეგმილი.
მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის, გელა პატეიშვილის თქმით, მამათში ედუარდ შევარდნაძის მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივთა ინიციატივაა და ამ საქმეში შევარდნაძეების ოჯახი არ ჩარეულა, მითუმეტეს, არც ხელისუფლების ზემდგომი ინსტანციები.
_ ეს ხალხის გადაწყვეტილებაა, სოფელმა ჩათვლა ასე საჭიროდ. ამ საქმეში არც შევარდნაძეების ოჯახის რომელიმე წევრი და არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი არ ჩარეულა.
მამათში ხშირად მოდიან უცხოელები, განსაკუთრებით _ გერმანელები, ედუარდ შევარდნაძის მშობლიური სახლის სანახავად. ამ მუზეუმის გახსნა, უპირველესად, სოფლის ინტერესში შედის. ამ მუზეუმის გახსნით შეიძლება სწორედ ისეთ ხალხს შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას. გამორიცხულია, მუზეუმის გახსნით შევარდნაძეებს დამატებითი ფუფუნება შეექმნას, აქ ისევ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და რაღაც შემოსავლის წყარო გაუჩნდება.
ცნობისთვის, სოფელ მამათში ედუარდ შევარდნაძის მუზეუმის გახსნის თაობაზე საკრებულომ, დაახლოებით, ორი თვის წინ იმსჯელა. დეპუტატთა გადაწყვეტილებით, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.