„როგორც იურისტმა, შემიძლია გიპასუხოთ, რატომ არ გააფრთხილეს წინასწარ ის ადამიანები, რომლებიც ცესკოს შენობაში ცდილობდნენ შეჭრას“, _ ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებისას სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
„ჩვენ ვნახეთ კადრები რამდენიმე ტელევიზიის ეთერში, როდესაც ისინი (დემონსტრანტები) ღობეს ანგრევენ და ამ ღობეზე ფეხით დახტიან და ქვებს ესვრიან პოლიციელებს.
ასეთ დროს მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თქვენ, დავუშვათ, თავს დამესხმევით, ამ შემთხვევაში მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ. ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. ვერ დავიწყებ გაფრთხილებას და ამ გაფრთხილების შემდეგ მოქმედებას. გაფრთხილება ხდება, როდესაც არის დაშლის ყველანაირი წინაპირობა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის. ამ შემთხვევაში უნდა გააფრთხილო თუ არის აუცილებელი ღონისძიების დაშლა.
თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად, იმიტომ რომ როდესაც ხდება უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, გარკვეული მოქმედებები, რაც მყისიერ საფრთხეს უქმნის, რომ რომელიმე შენობაში ან სტრატეგიულ ობიექტში, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტში არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერასდროს ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობაც“, _ განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, მყისიერი და პროპორციული რეაგირების გარდა, პოლიციას სხვა გზა არ ჰქონდა.