“მანდატური ვერ იქნება სკოლის შიგნით სამართალდამცავი”, _ ამის შესახებ პრეზიდენტმა საპატრიარქოში, თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვის საზეიმო აღნიშვნისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, აუცილებელია საზოგადოებაში მასწავლებლის ავტორიტეტის ამაღლება.
“მე როგორც განათლების ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, მაგრამ ერთადერთი გზა, რომლითაც მათი გადაწყვეტაა შესაძლებელი, არის მასწავლებლის გაძლიერება და მისი ავტორიტეტის ამაღლება საზოგადოებაში. მხოლოდ ეს მოახერხებს რეალობის გარდატეხას და შეცვლას.
საზოგადოებაში ბევრი მსჯელობაა, თუმცა აგრესიაზე და მკვლელობის ტრაგედიაზე მსჯელობისას ტექსტი ხშირად არის აგრესიული და ამის დაძლევის ერთადერთი ფორმა სიყვარულზე და ერთმანეთისათვის გაზიარებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა, რასაც სკოლაში ატარებენ მასწავლებლები.
მასწავლებელი ის ერთადერთი რესურსია, რომელიც ცვლის განწყობას სკოლაში.
აქვე მინდა მანდატურის სამსახურზეც გითხრათ. საბედნიეროდ, მაშინდელი ტენდენცია, რომ მანდატურის სამსახური გაუქმებულიყო, არანაირად არ იქნა გაზიარებული და მე შევინარჩუნე ეს სამსახური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის.
მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ მანდატურის სამსახური არის სკოლის, მასწავლებლის დამხმარე და არ შეიძლება იყოს სამართალდამცავი, ის ვერ იქნება სკოლის შიგნით სამართალდამცავი.
მე იმედი მაქვს, რომ ამ ტენდენციებით, ამ სულისკვეთებით, და თქვენი ლოცვა-კურთხევით თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ქადაგეგებში ასე სწორად ორიენტირებული ღირებულებებით, ჩვენ შევძლებთ ამ აგრესიის დავძლევას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში”, _ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა