საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაუმართაობაზე საერთაშორისო ორგანიზაცია Human rights watch საუბრობს. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. Human rights watch-ის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, გამოძიება ისეთი მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს. საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევასა და ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ,,გურია ნიუსს“ პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ესაუბრა. პოლიტოლოგის თქმით, მეზობელ ქვეყენასთან ომის, სოციალური მდგომარეობისა და ეკონომიკური განუვითარებლობის პირობებში მართლმსაჯულება დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და კვალიფიციურ ორგანოდ ვერ ჩამოყალიბდა.
,,ქვეყანაში სამართლებრივი სისტემა არა არის გამართული. დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება არის ყველა დემოკრატიული ქვეყნის უპირველესი ამოცანა, თუმცა ჩვენი ქვეყანა 26 წელია ომი გვაქვს დიდ მეზობელთან, საკმაოდ რთულ სოციალურ პირობებში ვცხოვრობთ, ეკონომიკა არ ვითარდება სათანადოდ, ყოველივე ამის გათვალისწინებით ვერ შევძელით, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კომპეტენტური და კვალიფიციური მართლმსაჯულება ჩამოგვეყალიბებინა. მცდელობა იყო, მაგრამ ეს შევარდნაძის დროს არ მოხერხდა. სააკაშვილის დროს მართლმსაჯულება მთლიანად ექვემდებარებოდა მის პოლიტიკურ ნებას და განუკითხაობის ძალიან მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა. სააკაშვილმა მთლიანად დაიქვემდებარა, როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო სისტემა. ,,ქართული ოცნების“ პირობებში მართლმსაჯულება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წნეხისგან გათავისუფლდა, მაგრამ სისტემა არაფორმალური მმართველის გავლენის ხელში გადავიდა. წინგადადგმული ნაბიჯებიც არის, მაგრამ, ვიდრე სასამართლო სისტემა არ გათავისუფლდება პოლიტიკური გავლენისგან, მანამდე სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია და ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ხარვეზებზე საუბრისას აბსოლუტურად ადეკვატურია. სამართალდამცავი სფერო და სისტემა სერიოზულ რეფორმირებას მოითხოვს. აუცილებელია, ეს სფერო მივუსადაგოთ ავსტრიის ან გერმანიის ქვეყნების მართლმსაჯულებს, ამ სახელმწიფოებში გამოძიების მიმართ ნაკლები შეკითხვები ისმის და სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მაღალი ნდობა არსებობს, რასაც ჯერჯერობით საქართველოზე ვერ ვიტყვით“, _ განაცხადა ვაჟა ბერიძემ.