დღეიდან მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება. არსებული ინფორმაციით, საგამოცდო ბილეთების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ამასთან, მომავალ მძღოლებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის გზებზე მოუწევთ.
“ჩემი ინფორმაციით, შესაძლოა გაიზარდოს მართვის მოწმობის ბილეთების რაოდენობაც. მაგალითად, თუ ახლა გამოცდაზე არის 30 ბილეთი, შესაძლოა გახდეს მეტი. ზუსტად რამდენით გაიზრდება, ინფორმაცია არ მაქვს, რადგან საბოლოო პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული არ აქვს, როგორც ვიცი”, – განაცხადა “ეკო ტრანსპორტ ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ.
ასევე ცნობილია, რომ ავტოსკოლებს სპეციალური ლიცენზიები უნდა ჰქონდეთ.
“დღევანდელი სტატისტიკით, გამოცდაზე გასული პირების 70% იჭრება, ახალი წესების ამოქმედება კი ამ ციფრს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამიტომ, მართვის მოწმობის აღების წესის გამკაცრება კი არ არის გამოსავალი, გამოსავალია უფრო ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის დანერგვა. მათ შორის საგზაო მოძრაობის წესების სასკოლო ასაკიდან სწავლება, რათა ავტოსკოლაში მისულ მოქალაქეს ელემენტარული ცოდნის ბაზა უკვე ჰქონდეს და უცებ დაზეპირებული ცოდნით არ გავიდეს გამოცდაზე”,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.
მძღოლებს, რომელთაც 100 ქულა ამოეწურათ, მართვის მოწმობის ხელახლა ასაღებად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამისათვის მათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩააბარონ. ხოლო გადაბარების შემდეგ ქულების კვლავ განულების შემთხვევაში უფრო მკაცრი სანქციებია.
imedinews.ge