დღეს არაჩვეულებრივი ქართველი მწერლის, ისტორიკოსის და საქართველოს ღირსეული მოქალაქის ვლადიმერ (ვოვა) სიხარულიძის დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსრულდებოდა. მწერალი ახალგაზრდა გარდაიცვალა, თუმცა მოასწრო მემკვიდრეობად დაეტოვებინა ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან ბევრ უცხო ენაზეა ნათარგმნი და ქართული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს.
“ივლიტას ბიბლიოთეკაში“ ინახება წიგნი “ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია“- მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე“, რომელშიც 18 საუკეთესო მოთხრობაა შესული. ეს მოთხრობები საბჭოთა ყოფის შესახებ შექმნილი ანთოლოგიური ნაწარმოებებია და მათ შორისაა ვოვა სიხარულიძის “მეათე მოწმე“, რომელიც 1967 წელს გამოიცა და მაშინვე ათზე მეტ ენაზე ითარგმნა. მისი ნაწარმოებები იმდენად სცენოგრაფიული იყო, რომ მალევე მიიღო მიწვევა მოსკოვში, სასცენარო კურსებზე, რასაც მისი მშვენიერი პიესები მოჰყვა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ვოვა სიხარულიძის მიერ საქართველოს თავისუფლებისთვის გაწეული ღვაწლი. წარმოშობით ჩოხატაურელი, ვაჟთა პირველ სკოლაში სწავლობდა და მისი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე… 9 მეგობარმა 1956 წელს შექმნა არალეგალური ორგანიზაცია “გორგასლიანი“ და პროკლამაციებიც დაბეჭდეს: “ „ქართველებო, სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენი საკუთარი თავის გარდა, ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!“ “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”. შემდეგში ეს პროკლამაციები თბილისის ქუჩებში მოხვდა, ეს იყო ერთგვარი გამოძახილი 1956 წლის 9 მარტს დატრიალებულ ტრაგედიის შესახებ. იმავე დღეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ უშიშროების კომიტეტში (სუკ-ში) “გორგასლიანების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. 14-15 დეკემბერს მეგობრები დაიჭირეს გარდა გურამ დოჩანაშვილისა, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობდა – პროკლამაციების გაკვრისას, სუკის თანამშრომლებმა ესროლეს და ზურგში დაჭრეს.
სასამართლოს საჯარო სხდომა 1957 წლის 3-5 აპრილს გაიმართა. სასამართლოს თავმჯდომარეობდა გიორგაძე, მსაჯულები იყვნენ: თამაზაშვილი და ჩხაიძე. ბრალდებულებს სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ზვიად გამსახურდიას, ოთხ-ოთხი წელი შეუფარდეს: მერაბ კოსტავას, ანატოლი მიქაძეს, ვლადიმერ სიხარულიძეს. სამ-სამი წელი მისცეს: თემურ მეტრეველს, თამაზ გუნჯუას, თეიმურაზ ცერცვაძეს, გურამ სხირტლაძეს და გურამ დოჩანაშვილს. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით.
“გორგასლიანების“ დაჭერის ფაქტს მეორე დღესვე გამოეხმაურა გაზეთი „კომუნისტი“: „ისინი სახელს უტეხენ ჩვენს საუცხოო ახალგაზრდობას, გვევლინებიან მუწუკებად ჯანსაღ სხეულზე, მუწუკს ამოჭრა უნდა“ – წერდა “კომუნისტი“.
ვოვა სიხარულიძე 1989 წელს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.