„გაუსვრელი, პროფესიონალი, გადაწყვეტილებებში სამართლიანი და შეუვალი“ _ ასე იცნობენ ჩვენს ქვეყანაში შესაბამის სფეროში და მშობლიურ ოზურგეთში ქალბატონს, რომელიც ახლა 80 წლის გახდა.
მედეა ჯანელიძე, 1986 წლიდან, 15 წლის განმავლობაში ოზურგეთის რაიონული მოსამართლის პოსტს იკავებდა. უფლებამოსილების გასვლის შემდეგ კი, დღემდე საადვოკატო საქმიანობას ეწევა.
_ ადამიანი არის სინდისი. ეს ერთობაა, ერთ მცნებად მოიაზრება. სანამ ადამიანი ადამიანია, ის სინდისია! ამიტომ ვერ წაართმევ, სიკვდილის შემდეგაც! ხოლო თუ ადამიანი არ არის, არ არის სინდისიც. ჩემი მუშაობის მანძილზე, არ მქონია შემთხვევა, რომელიმე თანამდებობის პირს, თუნდაც ერთხელ სატელეფონი ზარით ან ისე შევეწუხებინე და ჩემზე მოეხდინა ზეგავლენა! _ ამბობს ქალბატონი მედეა.
კითხვაზე, ყოფილა თუ არა მის მუშაობაში მძიმე, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევები, გვეუბნება:
_ გავიხსენებ ერთ-ერთს _ მკვლელობის საქმე იყო და მკვლელს 8 წელი მივუსაჯე. რაიონული პროკურორი არ დამეთანხმა, პირი აფექტურ მდგომარეობაში იყოო და პროტესტი შეიტანა. უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა და განაჩენი ძალაში დატოვა. რესპუბლიკის პროკურორმა კი დაავალა რაიონის პროკურორს, უკან გაეტანა პროტესტი…
იუსტიციის მინისტრი, თედო ნინიძე მოგვიწოდებდა: „ვერაფერი ვერ დაგიცავთ, თქვენ მიერ გამოტანილი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვტილებების გარდა“. მე რაც ვეცადე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ამ შეგონების, ამ მოწოდების სიმაღლეზე დავრჩი, სულ ეს იყო.
ქალბატონ მედეა ჯანელიძეს სამი შვილი, სამი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი ჰყავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მის მეუღლესაც, ანზორ მდინარაძეს, რომელიც მისი თანაკლასელიცაა, ახლახან შეუსრულდა 80 წელი. ის წლების მანძილზე სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ქალბატონ მედეა ჯანელიძეს იუბილეს და კვლავ წარმატებულ საქმიანობას უსურვებს საყვარელი საქმიანობაში, თავისდიდ ოჯახთან ერთად.