ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ, სახელმწიფო უსახრთოების სამსახურმა მორიგი სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად, სუს-მა სამი პირი დააკავა. სპეცოპერაციისას დაიჭრა ტერორიზმში ბრალდებული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებობს თუ არა საქართველოში ტერორიზმის საფრთხეები და უნდა ველოდოთ თუ არა ახალ ანტიტეროერისტულ ოპერაციებს _ ამ თემებზე სასაუბროდ ,,გურიას ნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს დაუკავშირდა. როგორც პოლიტოლოგი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა კატეგორიას არ განეკუთვნება.
,,საქართველოში ტერორიზმის საფრთხეები არსებობს, რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან ისლამურ სახელმწიფოს. აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. საქართველოში ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციების ჩატარება მოსალოდნელი იყო, თუმცა, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი დაგვიგროვდა. ბუნებრივია, ამ კითხვებს ხელისუფლებამ სრულყოფილი პასუხები უნდა გასცეს. გარდა ამისა, საზოგადოების თითოეული წევრის, მოქალაქისა თუ არასამთავრობო სექტორის მიდგომა უპასუხისმგებლო არ უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების გლობალური და ლოკალური თემებისადმი. პრობლემის გაუბრალოება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანს. მთელ მსოფლიოში აქტიურდება რადიკალური ისლამი და მათ შორის ისეთ რეგიონებში, როგორიც არის პანკისის ხეობა, ქვემო ქართლი და აჭარის მაღალმთიანი რეგიონი. მინდა გითხრათ, რომ ისეთი მაღალი ინტერესის მქონე თემას, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლა ჰქვია, კვალიფიციური მედია უნდა აშუქებდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ მედიასაშუალებები პანკისის ხეობაში დაკრძალვას პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ, რასაც ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ ნახავთ. პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც ენიჭება. ჩვენი ქვეყნის ყველა ნაბიჯი პროგნოზირებადი, რეალიზებული. სიმართლით გამსჭვალული უნდა იყოს“, _ აღნიშნა ვაჟა ბერიძემ “გურია ნიუსსთან” საუბრისას.