ერთ თვეზე მეტია, რაც ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჰყავთ დაკავებული. ამ საკითხზე “გურია ნიუსის“ კითხვებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და სამოქალაქო აქტივისტი, არინა თავაქარაშვილი პასუხობს.
_ ქალბატონო არინა, ადამიანების დაკავება და შემდეგ ცხინვალის იზოლატორში მათი გადაყვანა, არ მთავრდება. როგორ შეაფასებდით ბოლო დროს მომხდარ ფაქტს და რაში ხედავთ გამოსავალს?
_ მძიმე ფაქტია ის, რომ საქართველოს მოქალაქე, თავისი საქმის პროფესიონალი, ექიმი მისი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. საოკუპაციო ხელისუფლებამ, ასე ვიტყოდი, გისოსებს მიღმა გამოკეტა და ორთვიანი პატიმრობა გაუგრძელა. საერთოდ, მსოფლიოში ექიმებს ასე არ ექცევიან, მაგრამ, ამას აკეთებს რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც მათ მიერ არის ოკუპირებული. დღეს ყველა აპროტესტებს და ამბობს – “თავისუფლება ვაჟა ექიმს“. ეს არის სამოქალაქო პროტესტი. ეს არის ოკუპანტი სახელმწიფო და მისი დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი. ამით გვეუბნება პუტინის მთავრობა, რომ მას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. აქ კარგად ჩანს, როგორ ექცევა რუსეთი საქართველოს და ქართველებს.
ამიტომ უნდა ვიყოთ საზოგადოება ერთიანი, არა მარტო ვაჟა ექიმის გატაცების გამო, არამედ ყველა იმ საზარელი ფაქტების გამო, რაც რუსეთის ხელისუფლებამ გაუკეთა ჩვენ ქვეყანას. არ უნდა დაუთმოს ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთს , რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიპლომატიურად უნდა მოხდეს, მაგრამ რუსეთთან ფეხქვეშგადებული არ უნდა ვიყოთ. ფაქტიურად რუსეთი გვეუბნება, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო.
ასევე მინდა ვთქვა, რომ უსინდისობად მიმაჩნია დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ლანძღვა, რომელიც სოციალურ ქსელში შემხვდა. “ტროლები“ და “ბოტები“ გააქტიურდნენ და რა აღარ იკადრეს, ეს არის ანტი სახელმწიფოებრივი მიდგომა. კარგად გაიაზრეთ ე.წ. “ტროლებო“ და “ბოტებო“ თქვენ ასეთ ქმედებას ღალატის სუნი ადის.
რაც შეეხება ვაჟა ექიმს ის, არის ღირსეული ადამიანი და მოქალაქე. ასეთ ადამიანზე ყოველთვის დგას თავისუფლება.
_ არის მოვლენები და ფაქტები, სადაც საზოგადოების ერთიანობა პიკს აღწევს, მაგრამ, ასეთ ქმედებებს იშვიათად ვხედავთ. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
_ საზოგადოების ერთიანობა ეს არის კარგი. განცხადებების დონეზე შეიძლება ითქვას ხელისუფლება თითქოს ერთიანია. სახელმწიფოს მოხელეები, მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ეს არის რუსული ოკუპაცია და ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ ვაჟას ექიმს. მიხარია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პროტესტით ხვდება ამას და გამოსავლის ძიებაშია. ეს არის ერთიანობა. სახელმწიფოს, რომელსაც სადავეები გააჩნია უფრო მეტი აქტიური ქმედებებით და აქტიური ნაბიჯებით უნდა გამოირჩეოდეს. უნდა მიმართოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრი საქართველოა და თვითონ რუსეთთან დიპლომატია აამოქმედოს, მათ შორის სახალხო დიპლომატიას შეუწყოს ხელი.
_ მსოფლიოს დიდი მხარდაჭერა ჩანს. არაერთი განცხადება გავრცელდა და დაგმეს ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება…
_ ასეთი უნდა იყოს მხარდაჭერა. საქართველოს ხელისუფლებამ თავისუფალი ტრიბუნა ყველგან უნდა გამოიყენოს და აახმიანოს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უსამართლოდ არის დაკავებული და ის თავის მოვალეობას ასრულებდა. ადამიანის დასახმარებლად მიდიოდა ეს ადამიანი, ეს დანაშაულია? ის დანაშაულია, რომ ჩვენი გზა ნატოსა და ევროპისკენ მიდის. ამ თემაზე უნდა იყოს მუდმივი საუბარი, ეს ვერ დავინახე მე ამ ეტაპზე და აწი რა იქნება, არ ვიცი.
_ “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ორი დღის წინ გაიმართა თბილისში, სიტყვით გამომსვლელებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ვაჟა გაფრინდაშვილს...
_ სოლიდარობა მთავრობიდან საკმარისი არ არის. კარგია, რომ გააჟღერეს მხარდაჭერა ვაჟა ექიმის მიმართა, მაგრამ მარტო ეს არ შველის საქმეს, ხომ ხედავ თითქმის ყოველ დღეს ხდება ადამიანების გატაცება. მთავრობას, რის შესაძლებლობაც აქვს, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმაზე მეტი, რომ ექიმი დავიხსნათ ტყვეობიდან. ჩვენ ხომ არ ვიცით ვაჟა გაფრინდაშვილი რა მდგომარეობაშია ახლა და როგორია ახლა მისი ჯანმრთელობა. საქართველოს მთავრობამ უნდა აახმიანოს ყველა ტრიბუნა. ეს თემა, არ უნდა ჩამოდიოდეს დღის წესრიგიდან, ყველაზე დიდი მექანიზმი არის ხელისუფლების აქტიურობა, ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სისტემატური მოთხოვნები გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი.
_ ქალბატონო არინა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ჩანს, ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს უკანონოდ. რატომ უჭირს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმის თქმა, რომ რუსეთი ოკუპანტია.
_ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოება გათავისუფლდეს რუსულენოვანი იმპერიისაგან აზროვნებაში. ეს გარკვეული პროცესია, ნელ-ნელა, ამასაც დავძლებთ. რატომ გვიჭირს? იმიტომ, რომ ხელისუფლებების ცვლილების დროს, ვერ არკვევენ ადამიანები, რომელ მხარეს იხრება ხელისუფლება. და ცდილობენ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით შეეკრან ხელისუფლებას, შეკრას პირდაპირი გაგებით არ ვამბობ, აქ ვსაუბრობ, რომ მათ ჭირდება ხელფასი და სამსახური. ამიტომ უჭირთ ამ თემაზე საუბარი, ვაი თუ ხელისუფლება მათ გაუბრაზდეს, ვაი თუ რუსეთმა ისევ ოკუპაცია მოახდინოს. საზოგადოება ამას არ აკეთებს და ეს არის იმის მიზეზი ჩვენ ხანგრძლივი ეპოქა არ გვაქვს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის. მენტალურ სივრცეშია ამის პრობლემა, თორემ, ის კი არა, საბჭოთა კავშირს მისტირიან ან კიდევ 37 მანეთიან ბილეთით იმოგზაურონ მოსკოვში.
ეს ეპოქა დასრულდა. მენტალობაში თავისუფლება ახალგაზრდებში მოვიდა და აღარასოდეს გავა ჩვენგან . თავისუფლება ინდივიდუალურად მოდის, ამსთანავე ხელისუფლების აქტიური ნაბიჯები დასავლეთის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მხოლოდ განცხადებების დონეზე ვხედავ და არა მოქმედებების. და მაინც, ჩვენ ვეღარავინ დაგვაბრუნებს იმპერიულ გარემოში და ვეღარ წაიღებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რადგან თავისუფლებაში დაბადებულ ახალგაზრდობას რუსულ ოკუპაციაში ვერავინ დააბრუნებს.