თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგური “წერეთლის” დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „წერეთელზე“ 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება.
“უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა “წერეთელმა“ დროებით შეწყვიტა მგზავრების მიღება. დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. „წერეთლის“ სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა”, _ ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.