ლანჩხუთში, ცენტრალური პარკის ერთი კუთხე, რომელიც საფეხბურთო კლუბ “გურიას” ეთმობა და აქ მისი სახელობის მემორიალია მოწყობილია, წლებია რესტავრაციას საჭიროებს.
“გურიას” მემორიალზე, სადაც კლუბის დაარსების თარიღია მინიშნებული, კარგა ხანია ციფრი 6 დაზიანებულია. ასე იყო მუნიციპალიტეტის წინამორბედი პირველი პირის დროსაც, როცა ქალაქის ცენტრში განხოეციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ათი ათასობით ლარი დაიხარჯა და ასეა დღესაც, რატომღაც ეს ფაქტი ყველასთვის უმნიშვნელო აღმოჩნდა.
არადა, შემორჩენილი ფოტო არქივებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ის ადგილია, სადაც ლანჩხუთელი თუ აქაური ფესვების მქონე წარჩინებული სპორტსმენები ხშირად პოზირებენ. თუმცა, რატომღაც არსებული ხარვეზი მათი ყურადღების მიღმა რჩება.
სამაგიროდ, რიგით ლანჩხუთელთა ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვედრილა და მათი მხრიდან სამართლიანი კრიტიკაც ბევრჯერ გაჟღერებულა ფაქტისადმი ყურადღების მიქცევის მოთხოვნით.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, იმ პირობებში, როცა მუნიციპალუტეტი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სპორტისთვის ხელშეწყობაა მიჩნეული, იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში მოქალაქეთა ზემონახსენები მოთხოვნის გათვალისწინება და “გურიას” მემორიალზე არსებული დაზიანების აღმოფხვრა.
ჩვენი კითხვის პასუხად მერიაში გვითხრეს, რომ დაზიანებული ციფრის აღდგენა სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის მიერ რამდენჯერმე მოხდა და რომ კიდევ მიეხედება ამ საკითხს. თან განგვიმარტეს, რომ ეს არაოფიციალური პასუხია.