მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სასამართლო დარბაზში პირველი არხის ჟურნალისტმა გურამ როგავამ რამდენიმე შეკითხვით მიმართა – რას ეტყვით ქართველ მაყურებელს; როგორ ფიქრობთ, მოხდება თქვენი ექსტრადირება საქართველოში; თქვენ თქვით, რომ ხართ სამხედრო ტყვე და არა – პატიმარი, ვისი ტყვე ხართ.
სააკაშვილმა ჟურნალისტს ასე უპასუხა:
„ ვეტყოდი იმას, რაც ჩემმა შვილმა ნიკუშამ „ფეისბუქზე“ დაწერა – ამათ ეგონათ, მიშას დამარცხება დაიწყება, სინამდვილეში ეს მათი აღსასრულის დასაწყისია. ამაზე უკეთესად ვერ ვიტყვი, ყოჩაღ ნიკუშა.
გუშინ ნახეთ სავსე მაიდანი? თბილისში ამ რაოდენობის ხალხი ყველაფერს შეცვლიდა.
ვლადიმერ პუტინის და უკრაინელი ოლიგარქების“.- აღნიშნა სააკაშვილმა.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე სასამართლო ორი საათზე მეტია მსჯელობს.
პროცესს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და ჟურნალისტები ესწრებიან.
სააკაშვილი ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომლითაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).
1tv.ge