საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ტყიბულში მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ ცხედრების შემთხვევის ადგილიდან გამოსაყვანად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად მობილიზებულია, რათა უმოკლეს დროში მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველოს ხელმძღვანელი პირები.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.