პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ,,გურია ნიუსთან“ თანაგუნდელ შოთა შალელაშვილთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება არასერიოზულია. ამასთან, ხუნდაძის თქმით, სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლოა.
,,მიხეილ სააკაშვილის ბრალდებები რამდენად შეიძლება იქნას არგუმენტად და მტკიცებულებად გამოყენებული, სხვა საკითხია იმიტომ, რომ მისგან ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი უსაფუძვლო და არასერიოზული განცხადება მოგვისმენია. რატომ მაინცდამაინც შოთა დაადანაშაულა და არა მე, ეს სააკაშვილს უნდა კითხოთ, მიშას განცხადებების შეფასება ცოტა არასერიოზულია“,_ გვითხრა ხუნდაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ქართული ოცნების“ დეპუტატ შოთა შალელაშვილს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარული ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -ის გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმაში შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა.