მმართველი გუნდის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი ,,გურია ნიუსთან“ დეპუტატ შოთა შალელაშვილის მიმართ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც ოქრიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხდებს, შალელაშვილის ვაჟი ჰაკერული საქმიანობისთვის ამერიკაშია დაკავებული და რამდენიმე მილიონი ადამიანის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის გამო სასჯელს იხდის. ამასთან, ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ შალელაშვილის ვაჟს რუსეთთან კავშირი არ აქვს.
,,არასერიოზულ განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე. ბატონი შოთა არის ბატონი შოთა და მისი შვილი არის მისი შვილი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორ შეიძლება სპეკულირება. კი, ჰაკერია მისი შვილი და დაკავებულია, ეს ყველამ იცის, რამდენიმე თვეა ეს პროცესი მიმდინარეობს. არანაირი კავშირი მას რუსეთთან არ აქვს, ის არის ისრაელის მოქალაქე და ამერიკაში არის დაკავებული კონკრეტულ საქმეზე. რა ვქნათ, ბატონი შოთა გავაკრათ ჯვარზე? ბატონ შოთას ვაგებინოთ პასუხი, რომ მისი შვილი ჰაკერია? მის შვილს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, დაკავებულია და პასუხიც მოეთხოვება და თუ ბატონ შოთასაც ექნება დანაშაული ჩადენილი მასაც დააკავებენ და არავინ არავის შეეკითხება“, _გვითხრა ოქრიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ქართული ოცნების“ დეპუტატ შოთა შალელაშვილს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარული ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -ის გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა. ამასთან, სააკაშვილის მტკიცებით, აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმაში შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა.