ეკა ვაჩეიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ორი წლის ვაჟთან და მამასთან ერთად, ცოტა ხნის წინ, სხვის სახლში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მათი სახლი ავარიულია და იქ ცხოვრება სახიფათოა:
_ იმ სახლში ცხოვრება წარმოუდგენელია. შეიძლება, ნებისმიერ დროს დაინგრეს. ჩვენს სოფელში მცხოვრებმა თემურ სირაძემ სამადლოდ სახლი დაგვითმო და ცოტა ხნის წინ იქ გადავედით, ამის გამო კი სოციალური დახმარება მომიხსნეს და ულუკმაპუროდ დამტოვეს. გთხოვთ, დამეხმარეთ _ არ ვიცი, ვის უნდა მივმართო. ამ დახმარების გარეშე შვილი შიმშილით მომიკვდება, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ვაჩეიშვილმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ვაჩეიშვილები, რომელთა სარეიტინგო ქულა 27 640 შეადგენს და ღატაკის სტატუსი აქვთ, ამ თვის დახმარებას მიიღებენ:
_ როდესაც ბენეფიციარი საცხოვრებელ მისამართს იცვლის, უნდა შეგვატყობინოს, თუმცა, ამჯერად ასე არ მოხდა. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვთხოვეთ მას, რომ დაეწერა განცხადება მისამართის ცვლილების შესახებ, რადგან ამას კანონი გვავალდებულებს. ამის შემდეგ მოხდება ხელახალი გადამოწმება და ქულების მინიჭება. ჩვენ ვერ გეტყვით, რა იქნება ერთ თვეში ხელახალი გადამოწმების შემდეგ, მაგრამ შეგვიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი ეკა ამ თვის დახმარებას მიიღებს, _ გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის ფილიალში.
მათივე ინფორმაციით, ვაჩეიშვილები სახელმწიფოსგან სხვა სახის დახმარებებსაც იღებენ:
_ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა პროგრამაშია ჩართული ეს ოჯახი. სანამ ბავშვი 1 წლის გახდებოდა, მანამდე კვების ვაუჩერს იღებდა. გარდა ამისა, სააგენტოსგან მათ მაცივარი და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებიც გადაეცათ, _ აღნიშნეს სოციალურ სამსახურში, სადაც განმარტავენ, რომ ქულების მინიჭება მათი პრეროგატივა არ არის:
_ როდესაც აგენტი ავსებს დეკლარაციას, მასში შეაქვს ბენეფიციარებისგან მიღებული ინფორმაცია. ამის შემდეგ ეს დოკუმენტი იგზავნება სააგენტოში და სისტემის მიერ ხდება ქულების დათვლა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გეტყვით, რა იქნება შემდგომ, თუმცა იმის პირობა შეგვიძლია მოგცეთ, რომ პროცედურები დაჩქარებულად წარიმართება, _ უთხრეს “გურია ნიუსს” სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ეკა ვაჩეიშვილი კი ამბობს, რომ თუ პროცედურა გაიწელა, როგორც ეს ხშირად ხდება და აგვისტოში დახმარება ვერ მიიღო, შვილი შიმშილით მოუკვდება:
_ შვილი დამეღუპება, თუ დახმარება არ მექნება. 190 ლარი დიდი ფული არ არის, მაგრამ ამას ვანაწილებთ როგორღაც. ტანსაცმელს კეთილი ადამიანები ხშირად მჩუქნიან და ამაში ფული არ მეხარჯება. ეს თანხა საკვებისთვის მინდა მხოლოდ. კი, ბატონო, ამბობენ, რომ ასეა კანონი და ხელახლა უნდა გადამამოწმონ, მაგრამ ამ პერიოდში რომ დახმარება შემიჩერონ, რა ვქნა? მითხარით, ჩემს შვილს რა ვაჭამო და ხმას არ ამოვიღებ, _ ჰკითხა ვაჩეიშვილმა სოციალურ აგენტებს ჩვენი თანდასწრებით, რაზეც კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ პროცედურებს დააჩქარებდნენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდა ვაჩეიშვილი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებასაც სთხოვს. მისი თქმით, გამგეობა, დიდი ხანია, სახლის შეკეთებას ჰპირდება:
_ ბევრჯერ ვთხოვე გამგეობას დახმარება, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს და სახლი სულ დაიშალა. ისეთ ადამიანებს გაუწიეს დახმარება, რომლებსაც ჩემზე მეტი შემოსავალი აქვთ და მე უარს მეუბნებიან. ძალიან იაფად ვნახე სახლი და ვთხოვ, რომ თანხის ნახევარი მაინც მომცენ, რომ ცხოვრების ნორმალურად გაგრძელება შევძლო, შვილი ნორმალურ პირობებში გავზარდო და სულ სხვისი ხელის შემყურე არ ვიყო, _ ამბობს ვაჩეიშვილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ჯინჭარაძის თქმით, ვაჩეიშვილების ოჯახს გამგეობა ბევრჯერ დახმარებია:
_ მათ ერთჯერადი დახმარება ბევრჯერ აქვთ მიღებული. გარდა ამისა, ქალბატონი ეკას სამედიცინო მომსახურების ხარჯიც დაფარული გვაქვს ოზურგეთის სამშობიაროში. რაც შეეხება სახლს, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტი მოკლებულია სახლების შეძენის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია მათ მხოლოდ საშენი მასალით დავეხმაროთ და ვეხმარებით კიდეც. ვაჩეიშვილების ოჯახი პროგრამაში ჩასმულია და აღნიშნული ტიპის მასალას აუცილებლად მიიღებენ, _ გვითხრა თამაზ ჯინჭარაძემ.