მუსიკოსი და ტელეწმაყვანი ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში 13 ივნისის ტრაგედიას ეხმიანება. “გურია ნიუსი“ გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად.
“13 ივნისის ღამეს ბაქოში ვიყავი, იქაური “ნიჭიერის” ნახევარფინალში გამოვდიოდი. ძილის წინ გადავხედე ფეისბუქს…
ყველაფერი თვალწინ ვითარდებოდა: ჯერ ღლიცინი, რომ თქეში წვიმა წამოვიდა; მერე გაკვირვება, რომ რაღაც ადგილები საეჭვოდ დაიტბორა; მერე კი პანიკა, როცა ვაკიდან გადაღებულ ფოტოებში მდინარე ვერეს ხეობაში მდგარი სახლები გაქრა. ასე დაიწყო საშინელება, რომელსაც ღამის 4 საათამდე ჩავყევი. სადაც კი სანდო და საჭირო ინფორმაციას წავაწყდებოდი, ყველაფერს ვაზიარებდი და ბრაზი მახრჩობდა, რომ ბაქოდან მეტის გაკეთება არ შემეძლო.
თბილისში 15 ივისს, გამთენიისას დავბრუნდი. უკვე ყველაფერი ვიცოდით. გმირთა მოედანი ერთ დიდ ტალახის გუბეს ჰგავდა; ზოოპარკის ნახევარი, უბრალოდ, არ ჩანდა; მზიური განადგურებული იყო. ვიყიდე დიდი ზომის ჭურჭლით წყალი, ხელთათმანები და წავედი მზიურში დასახმარებლად.
ყველა ვნახე. მეგობრებიც, ნაცნობებიც, თვალისამრიდებლებიც, საპროტესტო აქციებზე ერთმანეთის გამლახავებიც, მამაოებიც, ცნობილი სახეებიც. ყველა ტალახში გათხვრილი და საქმეში ჩართული. “გმირული” სელფებისთვის მაშინ თითქმის არავის ეცალა. ასეთი ერთობა, გაგება, პატივისცემა, თავდადება და სიყვარული არასდროს, არც მანამდე და არც მის შემდეგ მინახავს.
მერე მივხვდი, რატომაც: ამ ტრაგედიის უკან არ იდგა კონკრეტული ვინმე. ვერავის დააბრალებდი, რომ, აი, ამათ ქნეს ან იმათ. ეს იყო ბუნებრივი მოვლენის მიერ გამოწვეული სტიქიური უბედურება, რომელსაც დამნაშავე არ ჰყავს. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს ღვარძლი მაშინ იქ და იმ დროს ამიტომ არ დაითესა.
ჩვენ ვმუშაობდით ერთმანეთისთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ.
13-მა ივნისმა დამანახა, რომ როცა ყველაზე მეტად გვიჭირს, შეგვიძლია, ყველა განმასხვავებელი შეხედულება გვერდზე გადავდოთ და საერთო საქმე მხარდამხარ, ყოველგვარი პათეტიკისა და სადღეგრძელოების გარეშე ვაკეთოთ.
ეს ნახატი იმ დღეებში დავხატე და პირველსავე მსურველს მივყიდე, რომ ფული 13 ივნისის ფონდში გადამერიცხა. ასეთ სიურრეალისტურ სიუჟეტს ვერასდროს წარმოვიდგენდი: მოზვინული ბეჰემოთი ტალახით წალეკილ გმირთა მოედანზე.
გაივლის თვეები და ისევ ერთმანეთს დავერევით, ქუჩაშიც და სოციალურ ქსელებშიც. ესეც ბუნებრივი პროცესია. უბრალოდ, ფორმებს გააჩნია: შეურაცხყოფა, წალეკვა, ცემა, დამცირება, საზოგადოებიდან გარიყვა არასდროს არავის არაფერს მოიტანს.
13-მა ივნისმა მასწავლა ერთი რამ: მხოლოდ 13-ივნისებზე, 9-აპრილებსა და მსგავს საერთო გასაჭირში ერთმანეთის გვერდში დგომა ვერ გაგვზრდის, როგორც საზოგადოებას, თუკი იქ მიღებული ერთიანობის განცდას სხვა დროსაც არ გავიზიარებთ და ერთმანეთს საკუთარი აზრის, პოზიციის, აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკურობის თუ პარტიულობის გამო, თმებით არ ვითრევთ.
კიდევ ბევრნარი 13 ივნისი იქნება (ან არ იქნება); ჩვენ კი ყველანი ყოველთვის “ასეთებად” დავრჩებით და აჯობებს, ამის გამო ერთმანეთი არ შევიძულოთ.
პ.ს. მე მზად ვარ.“-წერს ზურა ბალანჩივაძე.