ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი?_ წინასაარჩევნო პერიოდი რამდენიმე კვირაში დაიწყება, თუმცა, მმართველი პოლიტიკური ძალა, ,,ქართული ოცნება“ კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს.
კულუარებში საუბრობენ, რომ ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი იქნება.
დამოუკიდებელი დეპუტატი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა.
,,მე შემოთავაზებაზე არ ვთანხმდები, ჩემს გადაწყვეტილებას ვიღებ. ამ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობ ძალიან დიდი ხანია“, _განაცხადა ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მმართველი გუნდის წევრები ,,გურია ნიუსთან“ სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. მეტიც, ,,ოცნების“ წევრები ზურაბიშვილს ღრმად განსწავლულ და საერთაშორისო ასპარესზე ცნობილ ადამიანად მოიხსენიებენ.
,,სალომე უკიდურესად კომპეტენტური ქალბატონია, ღრმად განსწავლული. დიპლომატიაში კარგად გარკვეული. საერთაშორისო ასპარეზზე კარგად ცნობილი. ზოგადად, ,,ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავს“,_გვითხრა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, სიმონ ნოზაძემ.
მმართველ გუნდში ზურაბიშვილის კანდიდატურის განხილვას ,,გურია ნიუსთან“ ადასტურებს ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რევაზ არველაძე.
როგორც ,,ოცნების“ წევრი გვეუბნება, მმართველი გუნდიდან პირველი იყო, ვინც სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ღირებული კანდიდატი დასახელდება. სალომე ზურაბიშვილზე საუბარი იყო, მაგრამ განხილვებს არ დავსწრებივარ და რა გადაწყვეტილება არის მიღებული, ნამდვილად არ ვიცი. სალომე ზურაბიშვილს ყველაზე ადრე ვუთხარი, რომ კარგი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა”,_გვითხრა არველაძემ.
დეპუტატების განწყობით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი ძალა ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ერთადერთი ხელშემშლელი ფაქტორი ზურაბიშვილის ორმაგი მოქალაქეობაა, თუმცა, სავარაუდოდ, ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს უტყვის.
ჩვენ ვცადეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილისგან მიგვეღო, თუმცა მან ,,გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს ოფიციალურად თვის ბოლოს წარადგენს.