პარლამენტმა მესამე მოსმენით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 63 ხმით მიიღო. როგორც კოალიცია მედია ადვოკატირების წევრი ნათია კუპრაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საპარლამეტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი არ არის გარკვეული, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღებამ. როგორც კუპრაშვილი აცხადებს, იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონ-პროექტი ძალაში არ შევიდეს, ჯერ კიდევ არსებობს.
,,საქმე გვაქვს ძალიან უცნაურ და არალოგიკურ კანონშემოქმედებით პროცესთან. იმიტომ, რომ წამყვანი კომიტეტის მიერ ჩაგდებული კანონ-პროექტი მიიღო პარლამენტმა. ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველმა გუნდმა პატივი არ სცა თავის კოლეგებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ერკვეოდნენ, რა ტიპის ინიციატივასთან გვქონდა საქმე. ვფიქრობ, რომ დეპუტატების ნაწილი ბოლომდე არ არის ამ საკითხში გარკვეული, ნაწილზე კი მკაფიოდ ჩამოყალიბებულმა ლობისტურმა ჯგუფებმა იქონია გავლენა. სამწუხაროა, რომ ჩვენ ახლა ვასაუბრობთ იმ კანონზე, რომელიც გავიდა ლობირებით და რომელშიც ჩართული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი. ისეც კი პრობლემურია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ასე მჭიდროდ დაკავშირებულია უმრავლესობის წევრთა გარკვეულ ნაწილთან. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ფინანსდება ბიუჯეტიდან და რომელიც ყიდულობს ინტელექტუალურ პროდუქტს. მაგალითად, განათლების სამინიტრო, კულტურის სამინისტრო ყიდულობს ინტელექტუალურ პროდუქტს და არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს გამონაკლისი, რომლის კანონ-პროექტში არ არის გაწერილი არანაირი პროცედურა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის შესახებ. ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ ვეტო გამოიყენოს. მივმართავთ უმრავლესობას, რომ არ ეცადონ კანონ-პროექტზე ვეტო დაძლიონ. მოგეხსენებათ, მესამე მოსმენაზე კანონ-პროექტის მიღებას დეპუტატებმა 63 ხმით დაუჭირეს მხარი, ვეტოს დასაძლევად კი 76 ხმა არის საჭირო, ამიტომ, მე ვფიქრობ, შანსი არის იმისა, რომ კანონპროექტი არ დამტკიცდეს“, _ განაცხადა ნათია კუპრაშილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა _ ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის, კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში, ჯამში, არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).
პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგინებით იქნება შესაძლებელი.
”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.