დიდი სამამულო ომის დაწყებისას ქართულ მხატვრულ ფილმს „გიორგი სააკაძეს“ იღებდნენ განჯაში. იქ დიდი ექსპედიცია მოეწყო. უკვე აქაც იყვნენ ევაკუირებულები. ერთ-ერთი მათგანი, მეტად ჩია ტანის კაცი, სასადილოში ოფიციანტად მუშაობდა. აქ ფილმში მონაწილე მსახიობები დაჯავშნულ-შეიარაღებულნი შემოდიოდნენ. ზურაბ ლეჟავამ, რომელიც გიორგი სააკაძის ვაჟს თამაშობდა, შეამჩნია, ოფიციანტს ძალიან ეშინოდა ამ ველური მეომრებისა. კოხტა ყარალაშვილი, გიორგი შავგულიძე, მიტო სუხიტაშვილი და ზურაბ ლეჟავა ერთად სადილობდნენ. ერთხელ ზურაბი უფროს მეგობრებს „დაეჭყანა“ და პატარა ოინზე დაითანხმა. ალბათ, იუარებდნენ, რომ სცოდნოდათ, რა შედეგი მოყვებოდა.
ევაკუირებული ოფიციანტი მათაც ემსახურებოდა, ყოველთვის მოშორებით იდგა ხოლმე. პირველ ხანებში კი მათ შორიდან სთხოვდა, დანახარჯი მაგიდაზე დატოვეთო.
„სადილის შემდეგ ოფიციანტს მოუხმეს. ზურაბმა ფულის თვლით ფეხზე ადგომა დაიწყო, სხვებმაც მიბაძეს, აღარ გათავდა ეს ადგომა, ოფიციანტმა თვალი მიაყოლა ოთხ დევივით ნაბდიან ვაჟკაცს, რომელსაც სიმაღლე ერთი-ორად მიემატა, გაფითრდა და მაგიდაზე გულწასული გადაწვა. აი, წყალი, აი ფეხზე წამოყენება. სუხიტაშვილმა ლამის ხელში აიყვანა.
ძლივს მოეგო გონს. ოთხი დევი რომ დაინახა, წამოიკნავლა, მობრძანდით, მკვლელებოო. როგორც იყო, დააშოშმინეს. ძალიან უჭირდათ იქ მყოფთ სიცილის შეკავება. მიზეზი გულწასვლისა მაშინვე გაირკვა. ოფიციანტის მოსვლამდე ზურიკოს თხოვნით ყველანი სკამზე დაცუცქდნენ. ფულის მიცემისას კი ნელ-ნელა დაიწყეს წამოდგომა და ოფიციანტს შიშისაგან თვალი დაუბნელდა“.