საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ბაქარ ბაბუხარდია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც გარკვეული პრეტენზიები აქვთ ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანიის „ჩინეთის რკინიგზის ბრიგადის“ მიმართ.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ავტობანის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებული და დატბორილია მიმდებარე ტერიტორია და სოფლის კუთვნილი საძოვარი. ამასთან, მოსახლეობის თქმით, მძიმე ტექნიკის გადაადგილების შედეგად ზიანდება და პრობლემა ექმნება მათ საცხოვრებელ სახლებსაც.
ზემონახსენები შეხვედრისას საავტომობილო გზების წარმომადგენელმა მოსახლეობას უთხრა, რომ მათ მიერ გაჟღერებული პრობლემა მოგვარდება.
„პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ზედმიწევნით შესრულდება, რაც ითვალისწინებს არამხოლოდ გზისგამტარებისა და ესტაკადების მშენებლობას, არამედ პირუტყვის გადასარეკი ადგილებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას“, -აღნიშნა ბაბუხარდიამ.
სუფსის მოსახლეობასთან აღნიშნულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ.
„საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, საჭიროა მოსახლეობასთან შეთანხმება, რომ დაცული იყოს ორივე მხარის ინტერესები. ვეცდებით, რომ აღნიშნული პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, _ აღნიშნეს შეხვედრისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.