„ეს ცოტა ხატოვანია. მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი. ის შეიძლება უარყო, დაგმო, გაასაჩივრო მისი გადაწყვეტილება, თქვა, რომ უსამართლოდ მოიქცა, თქვა, რომ არ მოგწონს მისი გადაწყვეტილება, მაგრამ კანონმდებლობა მას აძლევს შესაძლებლობას, რომ ის საბოლოო გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება,“ – ეს განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრების დროს გააკეთა.
შალვა თადუმაძე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, იუსტიციის საბჭოს წევრების შეკითხვებს პასუხობს.
„თქვენს მოტივაციაში წავიკითხე ასეთი წინადადება, მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი, მხარეებმა შეიძლება დაგმონ ან უარყონ იგი, მაგრამ მისი ნება აუცილებლად აღსრულდება. მითხარით, რას ნიშნავს, მოსამართლე არის ღმერთი?“ – აღნიშნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ასევე დაინტერესდა, რის საფუძველზე თვლის თავს თადუმაძე სამართლიანად?
„რატომ გადაწყვიტეთ, რის საფუძველზე თვლით, რომ ხართ სამართლიანი? მკვლელს, რომელიც შურისძიების გამო, კლავთ, თვლით, რომ არის სამართლიანი, ხომ ასეა?“ – მიმართა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ირმა გელაშვილმა შეკითხვით პროკურორს.
„მკვლელი, რომელიც შურისძიებით კლავს, უფრო მეტ სიკეთეს აზიანებს, ვიდრე შურისძიება… მე არ ვარ მკვლელი… ვარ სამართლიანი იმიტომ, რომ თუნდაც იმ გამოცდილებით, რაც გამაჩნია ამ სფეროში,“ – აღნიშნა თადუმაძემ.
გენერალურ პროკურორს შეკითხვები კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც დაუსვეს.
„მინდა, რომ წარმოიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ მოსამართლე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ესაჭიროება მკურნალობა, რომლის ღირებულება არის მოსამართლის ერთი თვის ხელფასი, მოსამართლე იმიტომ, რომ გადარჩეს საღამოს საათებში, დამატებით იმუშაოს, ან დაწერილი აქვს თავისი დისერტაცია და ყიდის ამ დისერტაციას მაღალი თანამდებობის პირზე, შემიფასეთ მოსამართლის ქმედება“ – მიმართეს შეკითხვით თადუმაძეს, რაზეც მან უპასუხა:
„მე რომ არ მქონდეს ის თანამდებობრივი ტვირთი, რაც მაქვს, უფრო რადიკალურად გიპასუხებდით, მე მგონია, რომ ასეთი მოსამართლე უნდა მოკვდეს.“