ოზურგეთის რაიონული სასამართლოში ოზურგეთელი ახალგაზრდების გიორგი თოიძის, თორნიკე ბურჭულაძისა და ვაჟა სტურუას სისხლის სამართლის საქმეზე წინამოსამზადებელი სხდომა გაიმართა.
მოსამართლე ბიძინა სტურუამ ორი თვის წინ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მამუკა ნადირაძის შუამდგომლობა და სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დღეს სასამართლო პროცესს მოსამართლე ზვიად ზვიადაძეს უძღვებოდა.
დაკავებულ ახალგაზრდებს ბრალად ედებათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელშეშლა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი დანაშაული ძალადობრივი ჯგუფის მიერ (სსკ. 353-ე მუხლი, მეორე ნაწილი), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.
ამასთან, სასამართლოზე დღეს გახდა ცნობილი, რომ თორნიკე ბურჭულაძეს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდა და მას პროკურატურა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასაც ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მეორე ნაწილი).
დაკავებული არცერთი ახალგაზრდა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, მათ სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობენ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთში ცენტრალურ უბანში, სადაც შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტი მდებარეობს, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ინცინდენტი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, 2017 წლის 4 მაისს, 10 საათზე , საბილიარდოში მოხდა.
საქმის მასალების მიხედვით, ახალგაზრდები, ლუდის ბარ “ნატახტარში“ იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მათ საბილიარდოში თამაში გადაწყვიტეს. იქ შესულებს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი პირი დახვდათ, რომლებიც ბილიარდს თამაშობდნენ. ახალგაზრდებსა და აღნიშნულ პირებს შორის რამდენიმე წუთში სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, პოლიციელები ახალგაზრდებს პროვოკაციულად მიმართავდნენ: “ცოტა, ლამაზად ბიჭო“, “უცენზურო სიტყვებით ნუ საუბრობთ“-ო,
_ მოუწოდებდნენ.
მოგვიანებით, საბილიარდოში მყოფ პირებსა და ბრალდებულებს შორის შელაპარაკება მოხდა. ნაცემი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც “ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს. მათ სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ასევე, ნაცემი იყვნენ ის პირები, რომლებიც, როგორც შემდეგ გაირკვა, პოლიციის მაღალჩინოსნები სოსო სულაბერიძე და მალხაზ შაშიაშვილი იყვნენ.
როგორც “გურია ნიუსთან“ აღნიშნული ინციდენტის თვითმხილველები ამბობენ, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, იმდენად უკონტროლო იყო, რომ ვინ ვის ურტყამდა ძნელი გასარჩევი იყო. წყაროსვე თქმით, პოლიციამ აღნიშნული პირების მიმართ ელექტროშოკიც გამოიყენა.
აღნიშნულ ფაქტს ოზურგეთში ბევრი თვითმხილველი ჰყავს. აქედან რამდენიმე მათგანი, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, რომლებსაც პოლიციის წინააღმდეგ ჩვენება უნდა მიეცათ და ესაუბრათ, იმაზე, თუ როგორ გამეტებით ურტყამდა ახალგაზრდებს პოლიცია. აღსანიშნავია, ერთი ფაქტი, რომ ვაჟა სტურუას პოლიციელების წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია, რასაც ამტკიცებს საბილიარდოში მომუშავე მარიამ ბანძავას მიერ მიცემული ჩვენება.
ბანძღავას მსგავსად ჩვენებები უნდა მიეცათ ვაჟა სტურუას მეგობრებსაც, თუმცა, როგორც დღეს სტურუას უფლებების დამცველმა დავით მამალაძემ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს განუცხადა, მოწმეებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რადგან მისივე თქმით, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელდა როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, პოლიცია მოწმეებს საქართველოს დატოვებითაც დაემუქრა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში დაცვის მხარეს მხოლოდ ერთი მოწმე მარინა სუნგულია ჰყავს.
პროკურორმა, მამუკა ნადირაძემ კი მოსამართლესთან შუამდგომლობა დააყენა, რომ ბათილად ეცნო მარინა სუნგულიას ჩვენება, არ გამოცხადებულიყო ის სასამართლოში. პროკურორმა ამის მიზეზად დაცვის მხარისგან სუნგულიას ჩვენების მიწოდებისას ვადების დარღვევა დაასახელა,
თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეში სუნგულიას ჩვენება ერთ-ერთ მტკიცებულებად ცნო.
დღეს პროკურორმა მამუკა ნადირაძემ სასამართლო პროცეზე მტკიცებულელების გამოკვლევასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებული პოლიციელების სოსო სულაბერიძისა და მალხაზ შაშიაშვილის ჩვენებები, ასევე , მარიამ ბანძავას, პოლიციელების _ შამილი თავდგირიძის, ირაკლი კუტუბიძის, ნუკრი ცარციძის ჩვენები.
პროკურორის თქმით საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ დაკავებული ახალგაზრდები დარჩნენ პატიმრობაში, რადგან მათ თავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლა განახორციელონ. რაზედაც ბრალდებულების უფლებების დამცველებმა განაცხადეს, რომ მოწმეების უმეტესობა პოლიციელები არიან, შესაბამისად, ისინი მოწმეებზე ზეწოლას ვერ მოახდენენ.
ადვოკატების განცხადებით, ბრალდდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სადავოა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 28 ივნისს 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ამავე თემაზე:
გააქრეს თუ არა მთავარი მტკიცებულება _ დეტალები სასამართლოდან
ნაცემი პოლიციელები და ნაცემი ახალგაზრდები – ინციდენტი ოზურგეთში