მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ბექა წიქარიშვილმა დააანონსა, რომ ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტდნენ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია მაინც განახლდა.
როგორც მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, მათი მოთხოვნებია პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომა, ასევე, ნარკოპოლიტიკის რეფორმა.
„მოვითხოვთ, პრემიერ-მინისტრმა დაარღვიოს დუმილი და გააკეთოს საჯარო განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისა, რჩება ლეგიტიმური. რადგან ჩვენ ვერ ვხვდებით, გვყავს თუ არა საერთოდ პრემიერმინისტრი. ასევე, დარწმუნებული ვარ შს მინისტრის გარეშე ეს ბრძანება არ გაიცემოდა. სპეცრაზმის შეყვანა და ადამიანების უფლებების მასობრივი დარღვევა მის პასუხისმგებლობაზეა. თუ ამას პრემიერმინისტრი ვერ ხედავს, საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად. მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებაც ლეგიტიმურია. რეფორმა გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ პროტესტების მთავარ მიზანს, რომ შევცვალოთ პოლიციური სისტემა“,- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება. აქცია კლუბებში _ „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.