1964 წელს მსახიობი დოდო აბაშიძე წყალწაღებულის გადარჩენისათვის დაჯილდოვდა მედლით. ამის შესახებ ბატონი გიზო ნიშნიანიძე წერდა:
“გაზეთ “იზვესტიაში” სათაურით – გენერალური რეპეტიცია – დაიბეჭდა ინფორმაცია, რომელმაც მსოფლიოს ერთ მეექვსედს აუწყა, რომ მაისის წყალდიდობით გადარეულ მტკვარში, არა კინოვარსკვლავის დუბლიორ-კასკადიორი, არა კინოობიექტივის თვალის მოსატყუებლად, არამედ რეალური როლისა და კაცური ვალის აღსასრულებლად ვერის ხიდიდან გადაეშვა ვერის არწივი და მისთვის სრულიად ჩვეული საქმე ქმნა – ადამიანი გადაარჩინა.
– რამ გიბიძგათ, ამ გადარეულ მტკვარში გადახტომა, ეს ხომ სიკვდილის ტოლი იყო, – შეეკითხა რუსი კორესპონდენტი.
– სამაგიეროდ, ფასი ჰქონდა სიცოცხლეს, – უპასუხა და ღიმილიც ზედ დააყოლა, – ეს არ დაწეროთ, თქვით, რომ ეს იყო გენერალური რეპეტიცია “ზღვის შვილების” გადაღების წინ, სადაც კეთილი მეზღვაურის როლს მაკისრებენ. სცენარით, ამ მეზღვაურმა ზღვაში კაცი უნდა იხსნას და ამაზე ნაღდი გენერალური რეპეტიცია რა უნდა იყოს”.