ინგლისში, საპორტო და სამრეწველო ქალაქ ლივერპულის ახლოს პატარა სოფელი კროსბია. ის არაფრით არ იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი უცნაურობა. მის პლაჟზე ადამიანის სიმაღლის ლითონის 100 ქანდაკება დგას.
სახე ყველას ზღვისკენ აქვს მიქცეული. სიურეალისტური პეიზაჟის ავტორი ინგლისელი მოქანდაკე ენტონი ჰორმლია, ნატურად ის საკუთარ სხეულს იყენებდა. საღამოობით ადვილია შეცდომის დაშვება და სკულპტურების ცოცხალ ადამიანებად მიჩნევა. გეგონებათ, ნუდისტების ასეული ჩაფიქრებული გასცქერის ჰორიზონტს…
რიპალს-ბეი-ბიჩი ხელოვნურად შექმნილი ქვიშის ზოლია კუნძულ ჰონკონგის სამხრეთით და ქალაქის ყველაზე პოპულარული პლაჟი. მობანავეები ადგილებს აქ ადრიანი დილიდან იკავებენ და ტკბებიან. მართლაც, ხუმრობა ხომ არ არის, პლაჟის “სწორი განლაგების” გამო აქ ვერ შემოაღწევს… ადგილობრივი დრაკონი: ლეგენდის თანახმად, დრაკონი მეზობელ მთაზე ცხოვრობს.
რამდენად მართალია ეს ამბავი, ამაზე საუბარი ჰონკონგელებს შორს წაიყვანდა. მათ ფენ-შუის სპეციალისტს უხმეს, რომელმაც დაასკვნა, რომ პლაჟი მთის ურჩხულისგან 37-სართულიანი შენობით უნდა დაეცვათ. ასეც მოიქცნენ. პლაჟზე არის აგრეთვე ზღვის ჩინური ქალი-ღვთაების, კვუნ-იამ-შრინის სკულპტურა, რომელსაც თურმე წინასწარმეტყველებაც შეუძლია. აქვეა დღეგრძელობის ხიდი, რომელზე გადამსვლელიც სამი დღით მეტს იცოცხლებს…
სან-ალფონსო დელ-მაარი ჩილეშია, წყნარი ოკეანის პირას, თუმცა დიზაინერებსა და არქიტექტორებს ეს აშკარად ეცოტავათ. სპეციალისტებმა აქ მსოფლიოს უდიდესი აუზის აგება მოიფიქრეს. ეს ერთი შეხედვით უაზრო იდეა სინამდვილეში სულაც არ გახლავთ უაზრობა.
ჩილის სანაპიროებთან წყნარი ოკეანე სიმშვიდით ვერ დაიკვეხნის და ტემპერატურაც უფრო დაბალია, ვიდრე ეს დამსვენებლებს ესიამოვნებოდათ. ამიტომ ლამაზი და უსაფრთხო აუზი ბუნებრივ წყალსატევზე მიმზიდველი აღმოჩნდა. მასში ოკეანის წყალია და ამით გარემოს ბუნებრიობა სრულადაა შენარჩუნებული.
ზომებით კი ამ აუზს ტბა უფრო ეთქმის. ის ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული საწყლოსნო სპორტისა მიმდევართა თუ სხვადასხვა ყაიდის დამსვენებელთა და მოხეტიალეთა შორის, რადგან აქ ყველაფერია, რაც საჭიროა: ქვიშის პლაჟი, გოლფის მინდვრები, საჩოგბურთო კორტები, ფრენბურთის მოედნები, ტანვარჯიშის დარბაზი, კლუბი, კაფე და მაღაზიები.