გურიაში საშემოდგომო თბილი ამინდები არ უკვირთ, თუმცა, ამ დროს არაერთხელ თოვლი და სეტყვაც ახსოვთ, ციტრუსოვანთა მოსავალი რომ მთლიანად აზარალა გურულებს. ამიტომ, წლევანდელი თბილი ნოემბერი, როგორც თავად ამბობენ, ყველაზე განსაკუთრებულია, რაც უახლოეს წარსულში ყოფილა. ამიტომაც ჩვეული სიალალით ხუმრობენ საუბრის დაწყებისთანავე:
“ახლა მთავარია, ასე გააგრძელოს ამ დალოცვილმა ბუნებამ, გვასტუმროს კლიენტი და არა კოხი და სეტყვა, პურის ფულს მაინც კი “მივათავყუდებთ” ოჯახში”, _ ამბობენ ისინი.
ზოგადად, წელს მანდარინი ნაკლებ მსხმოიარეა, ვიდრე გასულ წელს, თუმცა, როგორც გურიაში ამბობენ, შარშან ბევრი კი ესხა, მაგრამ ფაროსანამ საკმაოდ გააფუჭა, წელს ხალხმა უმეტესად შეწამლა პლანტაციები და ნაყოფი შედარებით ხარისხიანია. ამიტომ შარშანდელი წლის მოსავალს წლევანდელიც უტოლდება, მთავარია, ამინდი და მომხმარებელი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, რომლის თემში კრეფის სეზონის დაწყების სამზადისია, ყველგან ციტრუსოვანთა ბაღებს კიდევ ერთხელ ასუფთავებენ:
_ მთავარია, სეტყვა არ მოვიდეს და მანდარინის ბევრი მომხმარებელი გვესტუმროს. უმეტესად კერძო პირებზე ვართ დამოკიდებული. მე მარტოხელა ვარ, მერიის საჯარო სკოლაში ქართულ ენას ვასწავლი, მანდარინის პლანტაცია მაქვს, ხუთ ტონამდე ვკრეფ. ოთხჯერ შევწამლე და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღე. ძვირია ყველაფერი და 10 თეთრი რჩება სუფთა თანხა ციტრუსის მეპატრონეს, მაგრამ რა ვქნათ?! _ ამბობს ნაღობილევში.
ზურაბ ბაქანიძის ოჯახში ამბობენ, რომ ყოველ წელს 10 ტონა მანდარინს კრეფენ. წელს ნაკლები მოსავალი აქვთ, 6 ტონამდე თუ იქნება:
_ მანდარინი მეწლე გახდა _ თუ წელს კარგად ასხია, მომდევნო წელს ნაკლებად გაგვახარებს. ძირითადად, ასეა. კრეფის სეზონისთვის ვემზადებით. გვიხარია, რომ კარგი ამინდია. გვახსოვს წლები, თოვლს და სეტყვას მოოხრებული ჰქონდა ამ დროს ყველაფერი. ახლა კლიენტის მოლოდინში ვართ, ყველა კარგი ხარისხის მანდარინს ეძებს. ვახარისხებთ და კარგი ერთი კილოგრამი 60-70 თეთრად მიაქვთ, _ გვეუბნება ოჯახის დიასახლისი ნანა ბაკურაძე.
მანდარინის კრეფას, ძირითადად, 15 ნოემბრიდან იწყებენ, თუმცა, თუ მყიდველი ადრე მოვიდა, მაშინ კონკრეტულ თარიღს არ ელოდებიან. ძირითადად, რასაც აღნიშნავენ მერიელები, არის ის, რომ გასულ წელს მანდარინი არავის დალპობია.
_ სახარბიელო ფასის შემოთავაზება არ იყო, თუმცა, რაც ადრე ხდებოდა, ეს არ განმეორებულა _ დამპალი მანდარინით არ ავსებულა ხევები და ღრანტეები. ეს ცოტა წინ გადადგმული ნაბიჯია. გზები უფრო გაიხსნა, კლიენტი მოდის, ადგილზე იბარებენ, ნატანებში ცოტა რიგი კი არის, თუმცა, ვიმეორებთ, შინ არავის დალპობია მანდარინი და ამიტომ უფრო გვაქვს იმედი, რომ თანდათან გაუმჯობესდება ვითარება, _ გვეუბნებიან ნაღობილევის და ხვარბეთის მცხოვრებლები.
_ მე რომ მკითხო, კომუნისტებს რომ ჰქონდათ სახელშეკრულებო ფასი _ 85 კაპიკი, თუ გინდა ახლა თეთრი დაარქვი, ასე რომ იყოს, უკეთესია. ბევრზე ბევრი შრომა სჭირდება მანდარინს. უმეტესობა მუშა ხელს ქირაობს, სასუქები, მოვლა, გაწმენდა და რა გრჩება _ გურიაში “ნიორთანაქურჩალას” რომ ეძახიან ის, _ წუხს ნინო სვანიძე და გვეუბნება, რომ შარშან 15 ტონა მოსავალი ჰქონდა, წელს მესამედი თუ იქნება.
_ სახელმწიფოა თუ კერძო მესაკუთრე, ორივე ერთ ფასში იბარებს ციტრუსს. ცოტა სახელმწიფომ მეტად უნდა მოგვაქციოს ყურადღება _ ეს არის ჩვენი პურის ფული, _ გვითხრა ნაღობილევის მკვიდრმა თეა მაისურაძემ.
_ 7-8 ტონას ვიწევ ჩემს ბაღში. საერთოდ ვერ შევწამლე წელს. რა მრჩება? 10 თეთრი. ესაა თვითღირებულების შემდეგ, რაც გვრჩება და რამდენ რამეს უნდა ვამყოფინო?! ვინც მოახერხა და შეწამლა, იმათ კი აქვთ ბევრად უკეთესი მოსავალი. რომ გადახედოთ, არის პლანტაციები, მონაკრეფი გეგონება. ეს იმიტომ, რომ ხალხმა ვერც შეწამლა, ცოტა გვალვამაც მოუსწრო და ყვავილობაშივე ჩამოცვივდა.
რაღაც უნდა იღონოს სახელმწიფომ, რომ შესაწამლად დაეხმაროს ხალხს. თორემ უმეტესობას მალე მანდარინის ბაღებიც აღარ ექნება, ხმება ხეები, ასაკოვანია, განახლებაც უნდა, შეწამვლასთან ერთად, _ ამბობს მერიელი ციცინო სირბილაძე და აპირებს, რომ მოსავალი ერთიანად ნატანების ციტრუსოვანთა ქარხანაში ჩააბაროს: _ გადაურჩევლად მიაქვთ და მირჩევნია, 37 თეთრი მომცენ, ვიდრე ვარჩიო და ცალ-ცალკე კლიენტი ვეძებო, _ გვითხრა ციური ბაქანიძემ.