მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოს ქმნის _ შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
სააგენტო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის კოორდინაციას, მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” შორის გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ” საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს.
სააგენტოს ფუნქციები დეტალურად ჩამოყალიბდება დებულებაში, რომელიც ერთი თვის ვადაში დამტკიცდება. ამავე ვადაში დაინიშნება სააგენტოს ხელმძღვანელიც.
ამ დროისთვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დასრულებული აქვს ანაკლიის პორტის 50-წლიანი გენერალური გეგმის მომზადება. გეგმას სამთავრობო კომისია განიხილავს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენერალური გეგმა პორტის 9-ვე ეტაპის განვითარებას მიმოიხილავს. იგი მოიცავს პროექტის: ეკონომიკური გავლენის შეფასებას; ტვირთბრუნვის გათვლებს; განვითარების ფაზებს; საინვესტიციო მოცულობას.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2017 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს. ანაკლიის ნავსადგურის გახსნა და პირველი ფაზის ამუშავება 2020 წელს იგეგმება.
წყარო: imedinews.ge