პარლამენტმა, ასევე დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ”.
ცვლილება ითვალისწინებს კანონისთვის ახალი მუხლის – „აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი საგანგებო მდგომარეობის გამო” დამატებას.
ახალი მუხლის თანახმად, 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობა უფლებამოსილია, საგანგებო მგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი იანვრისა, მიმართოს თბილისის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.
„აღნიშნული კანონპროექტი გათვლილია იმ სიკეთეზე, რაც დაკავშირებულია საინვესტიციო თვალსაზრისით ფინანსურ უზრუნველყოფასთან. შესაბამისად, ჩვენ ამ კანონპროექტით თბილისის მთავრობას ვაძლევთ შესაძლებლობას მოქნილად იმოქმედოს და შესაბამის კომპანიებთან მიმართებაში გარკვეული შეღავათები გაატაროს, რაც დადებითად აისახება კომპანიების ეკონომიკურ აქტივობებზე და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა საკითხის წარდგენისას.