განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლება მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში დაწყებული შიმშილობის აქცია შეწყვიტეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები– რატი იონათამიშვილი და გედევან ფოფხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, ბავშვთა ზრუნვის დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი დაესწრნენ.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები ფსიქიკური ჯანმრთელობის 2017 წლის პროგრამაში ცვლილებების შეტანას აპროტესტებდნენ.
„ამ ეტაპზე ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილების დახურვის საშიშრობა არ დგას და არც განიხილება ეს საკითხი. მათ მიერ წამოყენებული დანარჩენი პრობლემები, რიგ შემთხვევაში, ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც სახელმწიფო სტრატეგიით ისედაც არის გათვალისწინებული და მისი განხორციელება გათვლილია გარკვეულ დროზე. დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პრობლემა ქვეყანაში არ დგას და ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც სჭირდება ფსიქიკური სერვისის მიღება, შეუძლია მიიღოს ადეკვატური სერვისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში,”–აღნიშნა მარინა დარახველიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, რადგან ეხება ბავშვებს. სახელმწიფოს მიზანია, სწორედ, რომ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები ხორციელდებოდეს და აქეთკენ იყოს მიმართული ყველა სხვა კონკრეტული ღონისძიება და მექანიზმი. ამიტომ, ჩვენ სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ პრობლემა და გავიაროთ მოლაპარაკებები, როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან, მშობლების ჩართულობით,”– განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეხვედრაზე გამართული დისკუსიის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხდება საკითხის დეტალური განხილვა და გაიმართება შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წევრთა მონაწილეობით.