მწერალი გურამ გეგეშიძე გარდაიცვალა. მწერალს 21 ივლისს 86 წელი შეუსრულდებოდა.
ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
გეგეშიძე იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ გურამ გეგეშიძემ 1957 წელს, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა.
გურამ გეგეშიძე იყო რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი. განსაკუთრებით ცნობილია მისი რომანები: „სისხლის წვიმები“ და „ხმა მღაღადებლისა“.