ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი ,,გურია ნიუსთან“ იმ სამპუნქტიან გეგმაზე საუბრობს, რომელიც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეიმუშავა. როგორც ოქრიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ყოფილ ან ამჟამინდელ ნარკომომხმარებელს საჯარო სექტორში დასაქმების უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, ოქრიაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა შეიქმნას სამედიცინო დაწესებულება, სადაც ნარკომომხმარებელს საშუალება ექნება,ხ გარკვეული დოზის ნარკოტიკი მოიხმაროს. ოქრიაშვილის თქმით, მესამე პუნქტი ნარკორეალიზატორებთან ბრძოლას გულისხმობს. ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნარკოპოლიტიკის სამპუნქტიან გეგმას ხვალ, უმრავლესობის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე წარადგენს.
,,ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სამი პრინციპული პუნქტი ჩამომიყალიბდა. პირველი, უნდა გამკაცრდეს ბრძოლა ნარკორეალიზაციასთან, ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა შავ ბაზარზე ნულამდე უნდა იყოს დაყვანილი. მეორე პუნქტი არის ის, რომ ნარკომანის, როგორც პრობლემის სრული ლეგალიზაცია მოხდეს, ნარკომანიის და არა ნარკოტიკებით ვაჭრობის, კერძოდ, ყველა ნარკოდამოკიდებული უნდა იყოს აღრიცხული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ სტრუქტურებში, რათა ყველა ნარკომომხმარებელმა უფასოდ მიიღოს ის ნივთიერება, რომელზეც დამოკიდებულია. მოგეხსენებათ, ამჟამად მეტადონის პროგრამა არსებობს, სადაც, დაახლოებით, 7 000 კაცია დარეგისტრირებული . ეს ადამიანები ყოველდღიურად მიდიან ნარკოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც სიროფს იღებენ, რომელიც არ ათრობს, მაგრამ ნარკოტიკის მიერ გამოწვეულ სინდრომს ხსნის. მესამე პრინციპია ის, რომ ნარკომომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, დასაქმდეს საჯარო სექტორში, ასევე, კერძო სექტორს უნდა გააჩნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ იყო ან არის ნარკოდამოკიდებული. ჩემს ხედვებს კოლეგებს ხვალინდელ შეხვედრაზე გავაცნობ“, _ გვითხრა ოქრიაშვილმა.
ცნობისთვის, ხვალ უმრავლესობის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის კანონზე იმსჯელებენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სხდომას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.