გუშინ, ნატანებში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცის შვილი აქამდე არ უპოვიათ.
„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, მამა-შვილი ფალავანდიშვილები ზემო ნატანებში, ჯაფარეულას უბანში, ძმასთან სტუმრად ჩამოვიდნენ. მოკლულის ძმას პატარა სახლი ეზოთი ცალკე აქვს და ძირითადად, ჩამოსვლის დროს, იქ იმყოფებოდნენ. ძმასთანაც მიდიოდნენ. ასე იყო ამჯერადაც.
_ როცა გვიან ღამემდე არ გამოჩნდნენ, ძმამ ძმასა და ძმისშვილს ტელეფონზე დაურეკა. რაკი არ უპასუხა მამა-შვილმა, მერე მეზობელს დაურეკა და სთხოვა, იქნებ, შეხვიდე და ნახო, რა ხდება, არც ჩამოვიდნენ და არც ტელეფონზე მპასუხობენო. შესულა მეზობელი და უნახავს ეს საზარელი სურათი. შვილი კი იქ არ ყოფილა და არც აქამდე უპოვიათ. ზოგადად, ხალხი ამ მამა-შვილს, მშვიდ, უკონფლიქტო პიროვნებებად ახასიათებს, _ გვეუბნება წყარო.
„გურია ნიუსი“ შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
„მომხდარია მკვლელობა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ს.ს. კოდექსის 108-ე მუხლით“, _ გვითხრეს უწყებაში.