ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ნაცმოძრაობის“ წევრებმა ხინკლები მიიტანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი სხდომიდან გამოაძევეს.
როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ეს ხინკალი მათ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიართვეს.
„ეს ადამიანი არის მეხინკლე და „ოცნების“ ოფისში დააქვს ხინკალი უფასოდ, ანუ ამით იგებს ოლიგარქ ბიძინას გულს. წარმოგიდგენიათ სად ვცხოვრობთ? ხინკალით გაყიდული არჩევნები 41“,- ასე განმარტეს „ნაცმოძრაობის“ წევრებმა ხინკლის მიტანა საოლქო საარჩევნო კომისიასთან.
დღეს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია ატარებს სხდომას, სადაც იხილავს არჩევნებზე კომისიის ნეიტრალური წევრების საკითხს, რომელთა რიცხვი 877-ია. “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვდა სხდომაზე დასწრებას, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სხდომიდან გამოაძევეს.
ფაქტიდან ცოტა ხანში ბრიფინგი გაიმართა ცესკოში, სადაც განაცხადეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც აქვს უფლება დაესწროს კომისიის სხდომებს. გარდა ამისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს წარმოადგინოს მისი წარმდგენი სუბიექტი და იმავდროულად დაესწროს იმ კომისიის სხდომას, რომელშიც მას აქვს გავლილი სათანადო რეგისტრაცია. რაც შეეხება მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც უნდა იყვნენ კანონით დადგენილი წესით აკრედიტირებულები. შესაბამისად, მიუხედავად იმისა პირი პარლამენტის წევრია თუ სხვა სტატუსის მატარებელი, ეს უფლებამოსილება ყველა აკრედიტირებულისთვის თანაბარია. ამასთან, არაუფლებამოსილი პირების კომისიის სხდომაზე უკანონო შეჭრა, განიხილება როგორც ადმინისტრაციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და საქმიანობაში ჩარევა.