ტელეწამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა რამდენიმე სხვა ჟურნალისტთან ერთად ტვ პირველი დატოვეს.
ამის შესახებ მათ დღეს, 12 ივნისს, გადაცემა პოლიტმეტრის დასრულებისას განაცხადეს.
“ეს იყო პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა ტვ პირველზე”, – თქვა სანაიამ.
როგორც ის ამბობს, “თანამშრომლობის რესურსი, როგორც აღმოჩნდა, ამოწურულია. კერძო არხსაც აქვს უფლება, როგორც უნდა, ისე გააგრძელოს, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.”
“შენებას დიდი ხანი უნდა, ნდობას ერთი დღე ყოფნის. ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადგილია, ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში” – აღნიშნა სანაიამ.
ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი “არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს”.
“ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე”, – ამბობს ჟიჟილაშვილი და განმარტავს, რომ მათ აღარ გამოსდით, აიღონ პასუხისმგებლობა თითოეულ ნაბიჯზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
“უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით ტვ პირველზე ხდება.
არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით,” – განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.
მასთან და ვახო სანაიასთან ერთად, არხი დატოვა პოლიტმეტრის სარედაქციო შემადგენლობამაც – გიორგი დარჩაშვილმა, ხატია შამანაურმა, გიორგი კიკაბიძემ, სოფო მაისურაძემ და მიხო კოტეტიშვილმა.
ტვ პირველზე საკადრო ცვლილებები მაისიდან, არხზე ნოდარ მელაძისა და მთავარი არხიდან მასთან ერთად წამოსული ჟურნალისტების მისვლის შემდეგ დაიწყო. მელაძე აპრილში ტვ პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი არხის საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებდა.
6 ივნისს კი არხის დირექტორის პოსტი ინგა გრიგოლიამ დატოვა და ის ტვ პირველის მფლობელმა, ვატო წერეთელმა ჩაანაცვლა.
წყარო: ტაბულა