ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმის მასალებს სახალხო დამცველი შეისწავლის. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენი ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი გამოითხოვს გამოძიების მასალებს და სრულყოფილად შეისწავლის მას.
სახალხო დამცველის განცხადებით სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს გამოძიების პროცესში წარმოქმნილ ეჭვებს.
„გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძემ არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ გამოძიების მსვლელობა, მის კითხვებთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.
სახალხო დამცველს კითხვები აქვს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობისფაქტებზე გამოძიებასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია ინტერესდება რამდენად სრულყოფილია ამ მუხლით ბრალდებული პირების სია.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სხვა პირთა მიმართ.