“15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!” _ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი და მშობლებს მოუწოდებს ბავშვების მენტალიტეტს მიხედონ:
“საკუთარი ბავშვების მენტალიტეტს მიხედეთ, სანამ სხვისი ჭკუის სწავლებას და ვიშვიშს დაიწყებთ…” _ წერს “უმრავლესობის” წევრი და აღნიშნავს, რომ პრობლემა თვითმხილველების დუმილშია:
“ისედაც ძალიან მძიმე ფონია საზოგადოებაში და ძალიან გთხოვთ ნუ ავრცელებთ ჭორებს _ პროკურორის კი არა პრეზიდენტის შვილი რომ იყოს მე არ მეგულება ადამიანი ჩვენს გუნდში ვინც დამნაშავეს დაიცავს.
პრობლემა იმაში კი არ არის ვისი შვილია, იმაშია მთელი დღე რომ ეძებს და არკვევს პოლიცია დამნაშავეებს და ამდენი მხილველი სდუმს!” _ წერს პოსტის ქვემოთ განთავსებულ კომენტარებში წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე გუშინ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. ხოლო, ერთზე ძებნაა გამოცხადებული.