„ჟორდანიასა და ყველა სხვა მსურველის გასაგონად ვიტყვი, რომ კონკრეტული საინვესტიციო პირობების გარეშე, ვინმემ არ იფიქროს, კლუბი გადაეცეს სამართავად. მსურველებმა კეთილი ინებონ, არსებული დავალიანება აღიარონ და, მინიმუმ, მილიონიანი ინვესტიცია ჩადონ ყოველწლიურად გუნდში. ასეთი მაგალითები ქართულ ფეხბურთში ყოფილა და ეს მიდგომა ნორმალური და აუცილებელიცაა“, -პარლამენტარ ნინო წილოსანის მიერ მედიისა და არასამთავრო სექტორის წინაშე გაკეთებულ ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ლანჩხუთის საკრებულოში.
დეპუტატის ამ პოზიციას, რომელიც მან საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთში „გურიაში“ მერაბ ჟორდანიას შესაძლო სპონსორობასთან დაკავშირებით დააფიქსირა, საკრებულოს ოპოზიციური ნაწილისთვის გაუგებარია. მეტიც, ფრაქცია „ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის“ თავმჯდომარე, ელგუჯა ჩხაიძემ ფრაქციის სხდომაზე აღნიშნა, აქ წილოსანი ოჯახის პირადი მიზნები დგას.
„თუკი ვინმე მოვა და ლანჩხუთის „გურიას“ ეპატრონება, წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ. ამიტომაც გასაკვირია დეპუტატის პოზიცია „გურიაში“ ჟორდანიას მოსვლასთან დაკავშირებით, პირიქით, უნდა გვიხაროდეს პატრონი თუ გამოუჩნდება კლუბს.
არ ვამტკიცებ, რომ ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ, როცა გაჩნდა შანსი „გურიასთვის“ სასიკეთოდ, რატომ უნდა დავკარგოთ, რომელ ქვეყანაშია საფეხბურთო კლუბები ბიუჯეტზე დამოკიდებული?!
საქმე ისაა, რომ ჟორდანიას თანაპარტნიორი ქეთევან ცინცაბაძე და დეპუტატის მამა, ბადრი წილოსანი ბიზნესპარტნიორები იყვნენ. სულ ახლახან კი ცინცაბაძემ სასამართლო პროცესი მოუგო წილოსანებს და ქონების გარკვეული ნაწილი წაართვა. ამიტომაც, დეპუტატ ნინო წილოსანს აღნიშნულ შემთხვევაში პირადი მიზნები ამოძრავებს.
კარგი იქნება თუ ეს ქალბატონი არ ჩაერევა ამ სიტუაციაში და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილება მივიღოთ“ – ამბობს ელგუჯა ჩხაიძე.
როგორც ჩხაიძე ამბობს, ფრაქციის სხდომაზე დასასწრებად, სადაც „გურიას“ საკითხზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა, ნინო წილოსანიც იყო მოწვეული, თუმცა, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, იგი სხდომას არ დაესწრო.
თუმცა, ნინო წილოსანი განმარტავს, რომ მან ოფიციალურად აცნობა ფრაქციის წევრებს, რომ სხდომას ვერ დაესწრებოდა.
„იმედი მაქვს, ფრაქცია, ლანჩხუთი „ევროატლანტიკური მომავლისთვის“ თავმჯდომარის ინფორმაცია ყოველთვის არ არის ისეთი მცდარი, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მართალია, სხდომაზე მოწვევის წერილი მომივიდა, თუმცა, ასევე, დროულად ოფიციალურად ვუპასუხე, რომ ოთხ აგვისტოს საკრებულოს სხდომას უნდა დავსწრებოდი და უმჯობესი იქნებოდა, იმ გაფართოებულ შეხვედრაზე გვემსჯელა მათთვის საინტერესო საკითხებზე“, _ ამბობს წილოსანი.
რაც შეეხება ჩხაიძის ბრალდებას, დეპუტატ წილოსანის პირად დაინტერესებასთან დაკავშირებით იგი ასეთ კომენტარს აკეთებს: „როგორც ჩანს, თავად უფრო მეტად არიან ჩახედულები, ეგრეთ წოდებულ, ჟორდანიას გუნდთან, რადგან მე საერთოდ არ ვარ ინფორმირებული, ვისთან ერთად აპირებს ის გუნდის სპონსორობას. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებით და ვალდებულებებით ჩაიბარებს სპონსორი გუნდს, რა გეგმა აქვს გუნდის უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად და არა ის, თუ ვინ იქნება ეს სპონსორი თუ ინვესტორი. რაც შეეხება ამ ბრალდების ავტორს, იგი, სავარაუდოდ, პირადადაა დაინტერესებული გუნდში ამ კონკრეტული სპონსორის მოსვლით, რადგან დეტალურად იცის ვინ ვის გვერდით არის ოფიციალურად თუ არაოფიციალურად“.
ჩხაიძის თანაფრაქციელი გია გოგუაძის შეფასებით, დეპუტატი თავისი ქმედებებით პირდაპირ ერევა თვითმმართველობის საკითხებში. გოგუაძე წილოსანის მიერ გაკეთებულ ზემონახსენებ კომენტარს კი შეცდომად მიიჩნევს.
„აქ სხვა თავები ტრიალებს, თუმცა, ვერ ვხვდები, რა. მინდა ნინო წილოსანს განვუმარტო, რომ მისი ეს ქმედება არის პირდაპირი ჩარევა თვითმმართველობის საკითხებში და მისი კომენტარი, რომ „გურიას“ ვერავინ წაიღებს საინვესტიციო პირობის გარეშე, ვერც ჟორდანია და ვერც სხვა მსურველი, არის ძალიან დიდი შეცდომა. დეპუტატი, რომელიც თავად მილიონერთა სიაშია და საკუთარი ბიზნესი აქვს, მერაბ ჟორდანიას ეუბნება გადაიხადე კლუბის ძველი ვალები და ისე წაიღე გუნდიო. საინტერესოა, თუ იცის წილოსანმა რა დავალიანება აქვს „გურიას“ და თუ ფლობს ინფორმაციას ამ ვალების წარმომავლობასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, 2013 წელს მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა და გურიის გუბერნატორთან, გიორგი ჩხაიძესთან ერთად გამგეობის სხდომათა დარბაზში განიხილეს „გურიას“ უმაღლეს ლიგაში გადასვლის ორი პროექტი. ერთი, რომელიც თემურ ლორიას გუნდმა წარმოადგინა და მხარს გუბერნატორი უჭერდა, იყო 900 ათას ლარიანი, ხოლო მეორე მილიონ ნახევრიანი, გამგებლის ზაზა ურუშაძის გუნდის მიერ შემოთავაზებული. რა თქმა უნდა, გავიდა ურუშაძის ვარიანტი. ამის შემდეგ ხდება ის, რომ კლუბი გადააქციეს კოორდინატორების დასაქმების ბიუროდ. დღეს კი ეს თანამშრომლები, რომლებიც მერე ვიღაცამ შეამცირა და სახლში გაუშვა სასამართლო გადაწყვეტილებებით ითხოვენ თანხების მიღებას. ახლა კიდევ 60 ათას ლარიანი მოთხოვნაა შემოსული კლუბიდან ძველი დავალიანებების დასაფარად.
თემურ ლორიას პოლიტიკური ნიშნით გუნდიდან გაუშვებდა 40 ათასი ლარი დაუჯდა კლუბს. 75 ათასი ლარია გადახდილი უცხოელი ფეხბურთელების დამტკიცებაში, ბოლო წლებში 11 მწვრთნელი და 250 ფეხბურთელი გამოიცვალა „გურიამ“ და კიდევ არაერთი ასეთი ფაქტია. თურმე ეს ვალები უნდა გადაიხადოს მერაბ ჟორდანიამ. ნინო წილოსანს ეტყობა არ აქვს ინფორმაცია კლუბში არსებულ მდგომარეობაზე, თორემ ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. საინტერესოა ის , როგორც ბიზნესმენი და მილიონერი გადაიხდის ამ ფულს ჟორდანიას ადგილას რომ იყოს?“, _ ამბობს გოგუაძე დეპუტატის მისამართით.
თავად დეპუტატი კი გოგუაძეს დამშვიდებას ურჩევს და ამბობს, რომ დეტალურად აქვს შესწავლილი მდგომარეობა.
„მინდა დავამშვიდო ყველა დაინტერესებული ადამიანი და განვაცხადო, რომ არამხოლოდ კარგად ვიცი რა სიტუაციაშია გუნდი, არამედ სწორედ ამ პრობლემის გააზრებას ეყრდნობა ჩემი პოზიცია გუნდის წარმატებული მომავლის შესაქმნელად. გავიარე კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან და ასევე სპორტის დეპარტამენტთან. ჩვენთვის მისაღები იქნება სწორედ ის პირობები, როგორითაც გასხვისდა გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“. დარწმუნებული ვარ, ვალდებულებების გარეშე გუნდის გაცემა პარაზიტული საქციელი იქნება გუნდის მისამართით და ვინც ამას გვთავაზობს, მას მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.
მე, როგორც ბიზნესმენი დავინტერესებულვარ დავალიანების მქონე ბიზნესით თუკი მისი განვითარების პერსპექტივა დამინახავს. ლანჩხუთის „გურიას“ შესაძლო ინვესტორი გუნდის განვითარების პოტენციალს თუ ვერ ხედავს და გამოჯანმრთელების გეგმა არ აქვს, ვფიქრობ ის გუნდს პირიქით მძიმე ტვირთად დააწვება“, _ დასძენს მაჟორიტარი დეპუტატი.
მისივე თქმით, რადგან გუნდი მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ყველა ჩვენგანის ზრუნვის საგანია, შეუძლია საკუთარი ხედვები დააფიქსიროს და ფაქტებისა და მოვლენების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვას.
„მართალია, ფეხბურთში ღრმად არ ვარ ჩახედული, თუმცა, კარგად ვაანალიზებ, რომ ლანჩხუთის „გურია“ ბრენდია, რომლითაც ყველა ვამაყობთ . „გურიას“ მაქსიმალურად ყველგან გავუწევ რეკომენდაციას, ვიქნები მისი პოპულარიზაციის ელჩი, ვფიქრობ, ამ რთული მდგომარეობიდან გუნდის გამოსვლის რეცეპტი უფრო მიზანმიმართული და სწორი ინვესტორის მოძიებაა.
ამ მიმართულებით მუშაობა თავად ფრაქციის წევრებსაც შეუძლიათ, მაგრამ გუნდის განვითარების გეგმისა და საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე ამ ცნობილ ბრენდს, ზღვის განაპირას არსებული საკმაოდ დიდი მიწის აქტივით, ასე მარტივად ვერავინ ვერ გადაიბარებს“.
მაჟორიტარი დეპუტატის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიაში“ შესაძლო სპონსორის მოსვლასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებას აძლევს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, რომან ბიწაძე.
„არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ნინო წილოსანმა თქვა, რადგან ეს არც ბიზნესმენის და არც პარლამენტარის ენით ნათქვამი არაა. ქუთაისის „ტორპედოსთან“ რომ აკეთებს ანალოგიას, ვეტყვი, რომ „ტორპედო“ ვალებით არ გაყიდულა, არც ბაზით და არც სტადიონით არ გაყიდულა, გაიყიდა მარტო „ტორპედო“. მეტიც, ის ხალხი, ვინაც „გურიაში“ მოსვლას გეგმავს, არ ითხოვს არც ბაზას, არც სტადიონს, ითხოვს მხოლოდ „გურიას“, _ ამბობს რომან ბიწაძე.