პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ ყოფილი მეუღლის დედას ლ.რ.-ს, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ო.რ.-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.რ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
მათივე ცნობით, ა.გ. სამართალდამცველებმა ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ა.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.