ახლახან სახალხო დამცველი გურიას სტუმრობდა. ნინო ლომჯარია ოზურგეთში, ქალაქის ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს შეხვდა.
_ ეს არის ჩემთვის მშობლიური გარემო. თქვენი ასაკის რომ ვიყავი, სწორედ აქ დავიწყე სამოქალაქო აქტივობა. დღევანდელი შეხვედრის თემა თავისუფალია. შეგიძლიათ, ისაუბროთ ნებისმიერ პრობლემაზე, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, ეს შეიძლება იყოს მიმდინარე პოლიტიკა.
სახალხო დამცველი კონტროლს უწევს ადამიანის უფლებების დაცვას. მინდა, გითხრათ ერთი სიახლის შესახებაც _ ამიერიდან ჩვენი მანდატი კერძო სამართლის პირებზეც ვრცელდება, შეგვიძლია დავადგინოთ დისკრიმინაციული ფაქტებიც. გურიის მიხედვით დისკრიმინაციული ფაქტები შესასწავლია. თუ მაგალითად სუპერმარკეტში ავიწროებენ კონკრეტულ პირს, შეგვიძლია, დავიცვათ ის. ასევე, ძალზე მწვავე მიმართულება გახდა ეკოლოგია. ჰაერის დაბინძურება და მისი კვლევა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ასევე, ეთნიკური მიმართულებაც. მინდა მოვისმინო თქვენი სათქმელი, _ მიმართა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ახალგაზრდებს.
ვიდრე ახალგაზრდები საუბარს დაიწყებდნენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამაზ ტრაპაიძემ და არაერთმა დამსწრემ ისაუბრეს გარემოს დაცვის საკითხებზე, რაც გურიაში ძალზე პრობლემატურია და საგანგაშო სახე მიიღო:
“არანაირი ყურადღება არ ექცევა, თუ როგორ უნდა მოხდეს ინერტული მასალის ამოღება და მერე ტრანსპორტირება, რის გამოც მდინარეების ხეობები ნადგურდება, ზიანდება გზები და ამ ყველაფრის მიმართ ახელმწიფო გულგრილია”, _ ასეთი იყო მათი გამოსვლის შინაარსი.
_ ლიხაურში, აჭის ხეობა გადაარჩინა იმან, რაც მოხდა ბჟუჟის ხეობაში. მოსახლეობამ როცა გაიგო, რა მოხდა იქ, მტკიცედ დადგა და შეაჩერეს ხრეშის უთავბოლო მოპოვება. ცალკე თემაა ლიცენზიის მოპოვების საკითხი, თუ როგორ ხდება და მერე როგორ გამოიყენება. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია. იგებს იმით, რომ მის სახლთან ახლოს, მდინარესთან მივა ტრაქტორი და იწყებს მუშაობას. ნებართვა რომ გაიცა ინერტული მასალის მოპოვებაზე, ამის თაობაზე ინფორმირებული და პროცესებში ჩართული უნდა იყოს მოსახლეობა _ ის ყველაზე საუკეთესო მონიტორინგია, _ თქვა თამაზ ტრაპაიძემ.
ლაითურელმა მოსწავლემ მარინა ჩხარტიშვილმა დასვა კითხვა, თუ როგორ კონტროლდება საქართველოში არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაცია, რაც სახალხო დამცველს ძალიან მოეწონა. გოგონამ ისაუბრა, თუ როგორ მიდიან ან მშობლებს მიჰყავთ სამუშაოდ არასრულწლოვანი ბავშვები მეზობელ ქვეყანაში.
_ პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის ძალიან კარგი კითხვა. თუ არასრულწლოვანზე არის ძალადობა, ამის შესახებ პირველ რიგში, სკოლა იგებს. ამიტომ სკოლამ უნდა გაახმოვანოს ინფორმაცია. ბავშვის შრომას თავისი სტანდარტი აქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში გარკვეული არ არის, რამდენ საათს მუშაობს არასრულწლოვანი. ჩვენ ახლა ვმუშაობთ სკოლებთან. სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება, იმალება თუ არა ასეთ ფაქტები, _ თქვა ნინო ლომჯარიამ.
ოზურგეთელმა მოსწავლემ ჯუმბერ დუნდუამ და მისმა მეგობრებმა დასვეს კითხვა და საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვეს სატელევიზიო ეთერით გინების შესახებ:
_ რატომ არ ახდენთ რეაგირებას პირდაპირ სატელევიზიო ეთერიდან გვარამიას ამაზრზენ გინებაზე? ამას ისმენენ მოსწავლეები, არასრულწლოვანი ბავშვები. გინება ხდება რაღაც ნორმა. როცა საზოგადოებაში, სხვების წინაშე შეურაცხყოფს ერთი მეორეს, ნუ აგინებს, ამას შესაძლოა უმძიმესი შედეგი მოჰყვეს, _ თქვეს მათ.
_ გვარამიას რაც შეეხება, ეს არის მედიაეთიკის საკითხი და ვერავინ ვერაფერს ეტყვის. როცა კერძო ტელევიზიაში არასაჯარო პირი აკეთებს ამას, როგორი აღმაშფოთებელიც უნდა იყოს, თუ ეს არ გადადის მუქარაში, არ არის წამქეზებლური და მიმართულია კონკრეტული ადრესატის მიმართ, ვერაფერს ვიტყვით. სახალხო დამცველი არ არის მორალის პოლიცია. საბედნიეროდ, ჩვენთან არ არსებობს ცენზურა _ უარი ვთქვით ამაზე, ეს ჩვენი მონაპოვარია, არსებობს ეთიკური და არაეთიკური ნორმები. გამოხატვის ფარგლები თავისუფალია მანამ, სანამ იქ არ გაჩნდება ფაშისტური გამონათქვამები. უმჯობესია, იმ ჯგუფებზეც გვესაუბრა, რომლებიც ძალადობენ, ჩაგრავენ, კლავენ… მეც არაერთხელ გავმხდარვარ თავდასხმის ობიექტი. თუმცა, მომწონს, რომ ბიჭები გინების წინააღმდეგი ხართ, _ თქვა ლომჯარიამ.
მოსწავლეებმა შეახსენეს მას, რომ ძალადობრივი გამონათქვამებიც ხშირად არის გვარამიას გამოსვლებში. ასევე, უთხრეს, რომ საუბრის დასაწყისში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, მის ფუნქციებში სიახლეს და ეს არის ის ხაზი, რომ სახალხო დამცველის მანდატი კერძო პირებზეც ვრცელდება.
ბავშვებმა, ასევე, დასვეს კითხვები, თუ საიდან და როგორ უნდა იგებდნენ ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მათ არ აქვთ. სახალხო დამცველის მოადგილემ განმარტა, რომ ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია. მათ სკოლაში უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ, რასაც ხშირად ვერ იგებენ.
ჟურნალისტმა ნუგზარ ასათიანმა ისაუბრა სენსიტიურ თემაზე, როცა ბავშვები მეზობელ ქვეყანაში გაჰყავთ იქაურ სკოლებში, მერე კი ისევ უკან ბრუნდებიან. ეს პროცესი გასაიდუმლოებულია, რამაც საბოლოოდ შესაძლოა, სახელმწიფოს ზიანი მიაყენოს.
ნინო ლომჯარიამ მოიყვანა მაგალითი, რომ ის ერთ-ერთ პანსიონში ყოფნისას მოსწავლეს შეეკითხა, რა სურს გახდეს. პასუხად მიიღო, რომ რელიგიური თანამდებობა სურს.
_ განათლება უნდა იყოს სეკულარული და ახლა ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. თუ კონკრეტული ფაქტები გექნებათ, დაგვიკავშირდით, _ თქვა მან.
სახალხო დამცველის შეხვედრა სოფელ ლიხაურის მცხოვრებლებთან ემოციურ ფონზე წარიმართა _ კარიერების თემა, ინერტული მასალების ამოღების საკითხები, ნებართვით თუ უნებართვოდ გაცემული ლიცენზიების თემა ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამო და ქედან გამომდინარე, უმძიმესი შედეგების გამო, ლიხაურელები სახალხო მოძრაობას აანონსებენ.
_ ჩვენ ქვიშა-ხრეშის მოპოვების წინააღმდეგი არ ვართ _ ვიცით, რომ ამით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. ჩვენ ვითხოვთ იმ კატასტროფული ქმედებების აღკვეთას, რასაც ლიცენზიების კანონიერად თუ უკანონოდ გაცემას ახლავს. ნამატის ამოღება დასაშვები ნორმით უნდა ხდებოდეს და ამაზე არავინ ფიქრობს, ოღონდაც მდინარეში შევიდეს, ფული “აკეთოს” და თუნდაც დაიქცეს ქვეყანა. ნადგურდება ხეობები, შრება ჭები, ვითარდება მეწყერული პროცესები, გვიახლოვდება ეკოლოგიური კატასტროფა, _ ღელავდნენ ლიხაურები.
_ ახლა რაც ხდება გურიის მდინარეებში, ეს არის კრიმინალი, ეს არ არის ქვიშა-ხრეშის მოპოვება კეთილი მიზნებისთვის. ჩვენს სახელმწიფოს ევროკავშირთან ხომ აქვს ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ მოსახლეობა ყოველმხრივ ინფორმირებული უნდა იყოს?! დარღვეულია მათი უფლებები. მდინარეების ფსკერი განადგურებულია. ვიბრძვით ყველანაირად, რომ პროცესები შევაჩეროთ. ჩვენი მოთხოვნაა, ნებისმიერი ლიცენზია, რომელიც იქნება გაცემული, სანამ სერიოზული დასკვნა არ იქნება დადებული, რომ საფრთხე არაის და არაფერს ემუქრება, არ ამოქმედდეს. ამასთანავე ქვიშა-ხრეშის ამოღების დროს მოხდეს კონტროლი, ნებისმიერ უბანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა სერიოზულ გამოსვლას დაიწყებს, _ თქვა ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგმა ირმა გორდელაძემ.
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა ლევან მგელაძემ ისაუბრა ლიხაურელთა მაღალ აქტივობაზე.
_ გმირულად დადგა ეს სოფელი, პროცესი მოგვარდა, თუმცა, დარჩა ლიცენზიები. წიაღის სააგენტო არის ჩაკეტილი ორგანიზაცია. რა უნდა ველაპარაკოთ, როცა ექვსსაათიან აუქციონს ატარებენ? გროშებად იყიდება ლიცენზიები, მერე კი უზარმაზარ თანხებად ყიდიან. მუდმივად რომ 50 მძიმე გამავლობის მანქანა გადის, ხრეშით დატვირთული, კონტროლი მოშლილია, თუ რა რაოდენობის ტვირთი უნდა წაიღოს, ან მდინარის კალაპოტს რა მოუვა და ან გზას? ყველა ხიდი დაზიანებულია _ სოფელ მერიაში რომ ჩაინგრა, ყველამ იცის. ლიცენზიების გაცემაზე უმკაცრესი კონტროლი უნდა იყოს. ასევე, ამოღებაზეც. სამი მეტრის სიღრმიდან რომ უნდა ამოიღოს ქვიშა, ცხრა მეტრზე რომ ჩადის, ეს საქმე და ამბავია? _ თქვა მან.
_ ამ კომპანიების უკან კორუფციული ელემენტები ხომ არ ჩანს? _ იკითხა სახალხო დამცველმა, რაზეც მგელაძეს გულწრფელად გაეცინა:
_ ეს ჩვენ უნდა გვკითხოთ, ქალბატონო ნინო?!
ირმა გორდელაძემ საგანგებო მიუთითა, რომ ე. წ. “შავი სამყაროს” წარმომადგენლები განაგებენ კარიერების “ზონებს”.
ლიხაურელები მრავალ პრობლემაზე ესაუბრნენ სახალხო დამცველს, რის გამოც გურიას ძალიან უჭირს _ ეს არის მავნებელ ფაროსანას შემოსევა, უმუშევრობა, უწყლობა, რაც უმძიმესი ეკონომიკური ყოფის საფუძველი ხდება. თუმცა, კარიერების თემა და გურიის მდინარეების გადარჩენის, ხეობების, როგორც მათ თქვეს, ვანდალებისგან დაცვა ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხია, რომელზე წინაც არანაირი პრობლემა არ დგას და რომლის ირგვლივ სოფელი გაერთიანებულია და ელოდებიან სამთავრობო, მათ შორის, სახალხო დამცვლის მტკიცე თანადგომას.
_ წინააღმდეგ შემთხვევაში, ექვთიმე თაყაიშვილის სოფელი სახალხო მოძრაობას დაიწყებს, _ თქვეს მათ.
_ ჩვენ ყველანაირად დაგიდგებით გვერდით, _ შეხვედრის დასასრულს მოკლედ და მრავალმნიშვნელოვნად უთხრა მასპინძლებს ნინო ლომჯარიამ.