როგორი იქნება გაერთიანებული ოპოზიციის გეგმები – საკუთარ ამომრჩეველს, მხარდამჭერებსა და აქტივისტებს გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის ლიდერები დღეს საღამოს 18:00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში ელოდებიან. ხელისუფლების ოპონენტები ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადებას ელოდებიან და ყველა ხმის დაცვას აპირებენ. იგეგმება კონსულტაციები იმ პარტიებთანაც, რომლებიც გაერთიანებულ ოპოზიციაში არ არიან. დღევანდელი შეკრების მიზნად ოპოზიცია ერთიანი გადაწყვეტილების აუცილებლობას ასახელებს და გუშინდელ არჩევნებს ტერორად და სპეცოპერაციად მოიხსენიებას.
„გვექნება ჩვენს მხარდამჭერებთან შეხვედრა, რომლებსაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. გვექნება მსჯელობა სამოქმედო გეგმაზე. რაც მთავარია, მანამდე შევაჯამებთ საუბნო მონაცემებს, შევაჯამებთ ყველა იმ შედგეს, რაც იყო არჩევნების თვალსაზრისით და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ვინც არ შედის გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომ მათი მოსაზრებებიც ვიცოდეთ და ჩვენი სამოქმედო გეგმას უკვე საბოლოოდ, გავაცნობთ მთელ საქართველოს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გადაწყვეტილებები ფართო კონსულტაციების შედეგი უნდა იყოს.
„ის, რაც მოხდა დღეს, ეს არ იყო ნორმალური არჩევნები და საერთოდ, არჩევნებს ვერ დავარქმევთ ამას. ეს იყო ტერორი, სპეცოპერაცია,“ – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
საქართველოში არჩევნები ჩატარდა ტოტალური კრიმინალური ტერორის ქვეშ – ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ვაშაკიძემ გააკეთა. მისი თქმით, ამომრჩეველთან მსჯელობა აუცილებელია.
პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე კი, არჩევნებს კრიმინალურ პროცესებს უწოდებს.
წყარო: რუსთავი2