2020 წლის 26 და 31 მარტს ერთა ლიგის D ჯგუფის ბოლო ორი მატჩი გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი რეალური შანსი საქართველოს ნაკრებს ჯერ არ ქონია. მსგავს დიდ ტურნირზე მოხვედრა კი უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ამისთვის საჭიროა, ჯერ 26 მარტს „დინამო არენაზე“ დავამარცხოთ ბელარუსის ეროვნული ნაკრები, ხოლო შემდეგ კვლავ საკუთარ კედლებში ფინალი მოვუგოთ ან ჩრ. მაკედონიას ან კოსოვოს (რომელსაც ქართული სახელმწიფო არ აღიარებს დამოუკიდებელ ქვეყნად).
გადავხედოთ ჩვენი მოწინააღმდეგეების 2019 წელს ნაჩვენებ შედეგებს. ბელარუსის ნაკრებმა წელს 10 შეხვედრა ჩაატარა, (აქედან 2 ამხანაგური მატჩი) ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა, ხოლო რვა წააგო. ბურთების შეფარდება 4:20. ჩვენს ნაკრებთან შეხვედრამდე ბელარუსებს ორი ამხანაგური თამაში აქვთ ჩანიშნული, 23 თებერვალს სახლში უზბეკებთან და სამი დღის შემდეგ ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებთან გასვლითი მატჩი. აღსანიშნავია ისიც რომ, ბელარუსის ნაკრებში სულ რამდენიმე ლეგიონერი თამაშობს, გუნდის ბირთვი შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებია და რამდენიმე თვეში ეს სიტუაცია დიდად არ შეიცვლება, შიდა ჩემპიონატი კი მარტის ბოლოს იწყება (ჩვენთან შედარებით ერთი თვით გვიან), რაც ჩვენთვის ერთგვარი პლიუსიცაა.